ლევან კობერიძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები უკვე ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში განხორციელდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე განმარტავს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საუბარი არანაირ ალტერნატიულ კანონპროექტზე არ არის და ცვლილებები უკვე ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში განხორციელდება.
კობერიძის თქმით, უწყებათშორისი საბჭოს ბოლო სხდომაზე პოზიციების დაახლოების მიზნით, კონკრეტული ხედვა იყო წარდგენილი.
„უწყებათშორის საბჭოში ჩვენ მიერ წარდგენილი პოზიცია ჯერ სრულად არ განხილულა და უახლოეს სხდომაზე ძალოვან უწყებებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომელმაც ამ გადადგმული ნაბიჯისკენ გარკვეულწილად დადებითი პოზიცია დააფიქსირეს.
ჩვენ მიერ მომზადებული ხედვა კონკრეტულ წინადადებას ითვალისწინებს და როცა ჩვენი კოლეგები ამ წინადადებას გაეცნობიან, ეს მათ პოზიციას შეარბილებს. კერძოდ, თუ პირი ე.წ. პირადი მოხმარების დოზას ფლობს და სამართალდამცავების მიერ აღნიშნული დოზის ტარების დროს მეორეჯერ იქნება გაჩერებული, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, რომელიც იმავდროულად, დაპაუზდება და ამ პირს საშუალება მიეცემა, რომ გადარწმუნების კომისიაში გადამისამართდეს.
თუ ეს ადამიანი იქ განხორციელებული ღონისძიების შედეგად ექვსი თვის, ან ერთი წლის განმავლობაში მკურნალობას ნებაყოფლობით დაიწყებს, ან ნორმალური ცხოვრების რიტმს ნებაყოფლობით დაუბრუნდება, ასეთ შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ამ ადამიანს საშუალება ექნება, ცხოვრება ნორმალურ რიტმში განაგრძოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე გაგრძელდება და პასუხისგებაში მიეცემა“, – ამბობს ლევან კობერიძე.
დეპუტატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, პირად დოზას რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს.
„ეს მეორე თემაა, რომელიც უწყებათშორისმა საბჭომ შეკრებაზე უნდა განიხილოს, სადაც ჩვენი პოზიციები წარდგენილი გვაქვს. აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მთავარი ამოსავალი წერტილია არა ჩვენი შეხედულებები, არამედ ნარკოლოგების ხედვა და საერთაშორისო გამოცდილება. მგონია, რომ პოზიციების შეჯერებას მოვახერხებთ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.