ლევან კობერიძე - მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინიციატივა მიმართული იყოს ნარკომომხმარებლებზე, რომელთა სასჯელის ზომა მცირეა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კობერიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივა იმ ნარკომომხმარებლებზე იყოს მიმართული, რომლებსაც ესა თუ ის სასჯელი მცირე ოდენობის ნარკომოხმარებაზე აქვთ მისჯილი.
პირველ არხთან საუბარში ლევან კობერიძე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის ზვიად ქორიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპი დაცული იყოს, რომელიც ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში არის, რომელიც ითვალისწინებს დაუნდობელ ბრძოლას რეალიზატორების მიმართ, ხოლო მომხმარებლების მიმართ მაქსიმალურად ჰუმანური დამოკიდებულების გამოჩენა ხდება. თუკი პრეზიდენტის ინიციატივა ამ ჩარჩოებში ჯდება, მას მივესალმები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა იმ მომხმარებლებზე იყოს მიმართული, რომლებსაც მცირე ოდენობის მოხმარებაზე აქვთ ესა თუ ის სასჯელი მისჯილი. რაც შეეხება რეალიზატორებსა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების ფლობას, ჩვენი პროექტი დიდ სასჯელებს ითვალისწინებს და იმედია, ინიციატივა ამ ნაწილს არ ეხება”, – განაცხადა კობერიძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების წესში ცვლილებები შედის და უფრო ჰუმანური ხდება. როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიას მისცა საშუალება, რომ ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის, შემოტანისა და ტრანზიტისა.