ლევან კობერიძე - „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით მივიჩნევ, რომ ასეთი ტიპის შეღავათები არ უნდა არსებობდეს
ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებით მივიჩნევ, რომ ასეთი ტიპის შეღავათები არ უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.
როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, ყველა თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული.
„ამ შემთხვევაში, ბიუჯეტში მსხვილი შენატანის განმახორციელებელ სუბიექტებს ფაქტობრივად გადავადების პერიოდი ერთი თვე ჰქონდათ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათთან მიმართებაში. თუმცა თავად ფორმა როგორც მოხდა ე.წ. ოქროს სიის მონაწილე კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე შეღავათის გაუქმება ვფიქრობ, რომ გარკვეულ ფორსმაჟორთან არის დაკავშირებული და მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რაღაც სხვა ფაქტორების ზეგავლენით და არა ამ თანასწორობის, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. საინტერესოა ხომ არ დაუგროვდა რომელიმე კომპანიას ძალიან დიდი დავალიანება და ამ სიის ასე სწრაფად გაუქმების მიზანი ბიუჯეტში თანხების სწარაფად მობილიზების თემა ხომ არ იყო. არ გამოვრიცხავ მსგავსი რამ ყოფილიყო. ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა.