ლევან კობერიძე - დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო გამონახავს რესურსს და პოზიციების შეჯერება მოხდება
დარწმუნებული ვარ, პროცესი, მიუხედავად სოციალური მუშაკების მხრიდან გაფიცვის ფორმისა, მაინც პოზიტიურად წარიმართება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატურია შექმნილ პრობლემებზე რეაგირების, ანალიზის და გადაწყვეტილებების მიღების კუთხით.
„2018 წლის შემოდგომაზე მიღებული კანონის შესაბამისად, სამინისტრომ უკვე დაიწყო გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომლშიც გაფიცულთა მოთხოვნების დიდი უმრავლესობა უკვე ასახულია, ამჟამად მათი მოთხოვნაა გეგმაში არსებული პუნქტების ვადაზე ადრე შესრულებას, ვიდრე გეგმით არის გათვალისწინებული.
სამინისტრო გამონახავს რესურს და მოხდება ამ პოზიციების შეჯერება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებულია: მაგალითად, ყველა რაიონში დამატებულია სატრანსპორტო საშუალებები, დანარჩენ საკითხებზეც აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა. მთავარია, რომ გაფიცულები დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, რომ თვითონ ბენეფიციარებმაც მიიღონ ის მომსახურება, რაც ეკუთვნით სახელმწიფოსგან, სოციალური მუშაკებისგან.
დარწმუნებული ვარ, თავად სოციალური მუშაკებსაც აღელვებთ ეს საკითხი და უახლოეს პერიოდში ნელ-ნელა ეს პროცესი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, საკომიტეტო თუ სხვა ნებისმიერ ფორმატში ჩავერთოთ“,- განაცხადა კობერიძემ.