ლევან კალანდაძე - სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა ნიშნავს, რომ მერიაში ყველაფერი ბოლომდე დალაგებული არ არის
ლევან კალანდაძე - სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა ნიშნავს, რომ მერიაში ყველაფერი ბოლომდე დალაგებული არ არის

რაკი სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა დადგა, ეს იმას ნიშნავს, რომ მერიაში ყველაფერი ბოლომდე დალაგებული არ არის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა, ლევან კალანდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვას, შეიძლება თუ არა სტრუქტურული ცვლილებები ერთგვარ აღიარებადაც შეფასდეს, რომ მერიაში პრობლემები ამ დრომდე არსებობდა, ლევან კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს გარკვეულწილად, აღიარებაა.

„მოცემულობა ასეთია – მერიაში სისტემა მუშაობდა, თუმცა მუშაობის პროცესში გარკვეული ხარვეზები არსებობდა. მთავარი პრობლემა, რაც მერიას ჰქონდა, გადაწყვეტილებების მიღებაში არსებული გარკვეული სირთულეები იყო. დღევანდელმა მმართველმა გუნდმა გარკვეულწილად ბიუროკრატიის მენეჯმენტი ჩაიფიქრა, რომ გადაწყვეტილებების მიღება უფრო მარტივი იყოს, რაც საბოლოო ჯამში, ბიუროკრატიას შეამცირებს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხარჯების დაზოგვა მაინცდამაინც თვითმიზანი უნდა იყოს. მთავარია, მერია ისეთი სტრუქტურა გახდეს, რომელიც ადამიანებს სერვისის მიღებას გაუადვილებს“, – განაცხადა პირველი არხის ანალიტიკოსმა.

მისი თქმით, თუ სტრუქტურული ცვლილებები სწორად განხორციელდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„არის შემთხვევები, როცა მაგალითად, მშენებლობის ნებართვა გაცემულია, მაგრამ პროცედურები ბოლომდე დასრულებული არ არის. ეს ისევ და ისევ ბიუროკრატიის გამო ხდება“, – განაცხადა კალანდაძემ.

როგორც პირველი არხის ანალიტიკოსმა აღნიშნა, პრობლემა ის არის, რომ შეფასების კრიტერიუმები არცერთ სახელისუფლებო დონეზე არ არსებობს.

„შესაძლოა, ჩვენ დღეს ვთქვათ, რომ წინა მერიაში რაღაც ბოლომდე დალაგებული არ იყო. თუმცა, ჩვენ შეფასების კრიტერიუმები არ გვაქვს. არ მინდა, გავიდეს 4–5 წელიწადი და იმაზე ვისაუბროთ, რომ თურმე, რაღაც ბოლომდე კიდევ არ იყო დალაგებული. იქნებ, საკრებულომ იტვირთოს და გახდეს გარკვეული შეფასების კრიტერიუმების დამნერგავი სტრუქტურა“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.