გიორგი კოხრეიძე - ცვლილებები აუცილებელია ეფექტიანი მართვისთვის, რადგან ადგილი აქვს მოვალეობათა დუბლირებას, დავალებათა ერთმანეთზე გადაბარებას
გიორგი კოხრეიძე - ცვლილებები აუცილებელია ეფექტიანი მართვისთვის, რადგან ადგილი აქვს მოვალეობათა დუბლირებას, დავალებათა ერთმანეთზე გადაბარებას

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა განახლდა. სხდომაზე სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ. სწორედ ამ საკითხს მოჰყვა დღეს ხმაური.

ცვლილების მიხედვით, უქმდება სამსახურების უფროსების მოადგილეების, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი.

ცვლილებების პროექტი მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ წარუდგინა.

გიორგი კოხრეიძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები ეფექტიანი მართვისთვის დაიგეგმა, რადგან ადგილი აქვს მოვალეობათა დუბლირებასა და დავალებათა ერთმანეთზე გადაბარებას.

ამასთან, გიორგი კოხრეიძის თქმით, ტელევიზიის მიღმა არავინ დარჩება და ახალ საშტატო განრიგში ყველაა გათვალისწინებული.

„ორშაბათს დაგიდებთ განრიგს, სადაც ყველაფერს ნახავთ და მათ, ვინც სამი თვეა, განგაშს ტეხთ, შეგრცხვებათ. არის ყველაფერზე მუდმივი ბულინგი. მაია მერკვილაძე არის ფანტასტიური კადრი. მე სულელი უნდა ვიყო, რომ სამსახურიდან გავუშვა, თუ მას უნდა ჩემთან მუშაობა, მაგრამ შეიძლება, არსებობს და ალბათ არის სხვა დღის წესრიგი“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ყველაზე მეტი შეკითხვა ჰქონდა მრჩეველთა საბჭოს წევრ გია ქარცივაძეს.

„სად ინიშნებიან სამსახურების მოადგილეების პოზიციებიდან გათავისუფლებული პირები, რატომ უნდა დავტოვოთ თქვენს იმედად მაგალითად, მაია მერკვილაძე. გვითხარით, კონკრეტულად სად ნიშნავთ, მე მითხარით, მხარს დაგიჭერთ“, – განაცხადა გია ქარცივაძემ.

საპასუხოდ, გიორგი კოხრეიძემ აღნიშნა, რომ წინასწარ საუბარი არ სურს, რათა „რაღაცების ხლართვა“ არ მოხდეს, როგორც სხვა შემთხვევაში.

„საქმე დავიწყე და ვიდრე დავამთავრე, ერთი ამბავი ატყდა. პრინციპულად ვამბობ, არ მინდა, კიდევ წინასწარ დაიწყოს რაღაცაზე მსჯელობა და რაღაცების ხლართვა. ორშაბათს გეტყვით ყველაფერს. არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს. ორგანიზაციაში მივეცი დავალება, დღემდე არ შესრულდა, რამდენი დავალებაც გავეცი, წერილობითაც არ შესრულდა. დავალება იყო მიცემული, რომ გააკეთეთ დილის პროგრამის ინტეგრირებული კონცეფცია. დღემდე არაფერი გაკეთებულა“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

სტრუქტურულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან ჟურნალისტები.

ისინი ამბობენ, რომ დირექტორი არასასურველი კადრების ჩამოშორებას და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

ცვლილებების დასამტკიცებლად მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან სამის მხარდაჭერაა საჭირო.