ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საქმის პროკურორ ნანა ჯაყელის თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე მასთან მოთხოვნა არ შესულა და მიმართვის შემდეგ, როგორც პროკურორი ამბობს, ამ შეთავაზებას განიხილავენ.
პროკურორის განმარტებით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოცემულ მომენტში დაცვის მხარემ მხოლოდ სიტყვიერი სურვილი გამოთქვა. ჯაყელი ამბობს, რომ ყველა საქმე ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.
„დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარადგინა. დაცვის მხარემ განაცხადა, რომ დღეისთვის შესავალი სიტყვა წარმოდგენილი არ აქვს, რადგან ბრალდების მხარესთან მოლაპარაკება სურს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. პირობებზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან კონკრეტული მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, დაცვის მხრიდან განცხადება არ შემოსულა. ჯერ მხოლოდ სიტყვიერად განაცხადეს დღევანდელ პროცესზე და ასევე დაცვის მხარემ დააფიქსირა, რომ განცხადების შემოტანას აპირებს. თუკი განცხადება შემოტანილი იქნება, განხილვის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ყველა საქმეზე ინდივიდუალური მიდგომაა. დაკონკრეტებით ვერაფერს მოგახსენებთ, ვიდრე კონკრეტული განცხადება არ იქნება განხილული“,- განაცხადა პროკურორმა.
აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 31 ივლისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.