ხათუნა გოგორიშვილი - ლევან ჯიბღაშვილის მიმართ განსხვავებული მიდგომაა, ვიდრე სხვა ანალოგიური დანაშაულის მიმართ
ხათუნა გოგორიშვილი - ლევან ჯიბღაშვილის მიმართ განსხვავებული მიდგომაა, ვიდრე სხვა ანალოგიური დანაშაულის მიმართ

ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის საქმე შერჩევითი სამართლის ტიპური მაგალითია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს.

როგორც ჟურნალისტებს გოგორიშვილმა განუცხადა, როცა გრამებზეა საუბარი, წინასწარი პატიმრობის გამოყენების გარეშე არცერთ სასამართლო პროცესს არ ჩაუვლია.

„საუბარი აღარ არის ეჭვებზე. ეს კონკრეტული ფაქტია, რომ ამ ერთი ადამიანის მიმართ განსხვავებული მიდგომაა, ვიდრე სხვა ანალოგიური დანაშაულის მიმართ. როცა საქმე შერჩევას ეხება, აღმოჩნდება, რომ ვიღაცის ახლობელია. ფაქტია, მას ჰყავს მფარველი და პატრონი“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.

წინასასამართლო სხდომა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე 4 ივნისს ჩაინიშნა.