ნათია მეზვრიშვილი – შსს-სთვის ლევან ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ლევან ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული, ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააკავა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, შსს-ს არ არის უფლებამოსილი, რომ აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს პირის მიმართ, ყველაზე მკაცრი ზომა, რისი გამოყენებაც სამინისტროს შეუძლია, ეს გახლავთ დაკავება, იძულების ღონისძიების სახით და ეს ყველაზე მკაცრი ღონისძიება სამინისტრომ ჯიბღაშვილის მიმართ გამოიყენა.
„შსს-მ ჯიბღაშვილი დააკავა სისხლის სამართლის წესით. ახლა რაც შეეხება ბრალდებას, პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რატომღაც სამწუხაროდ საზოგადოებას ხშირად ერევა სასჯელში. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პირის მიმართ ინდივიდუალურად, პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლოების და ა.შ. რა თქმა უნდა, არ ვცდილობ არაფრის ახსნას, უბრალოდ ვცდილობ, რომ იურიდიული პროცედურები განვმარტო, რომ მეტი სიცხადე შემოვიტანო. შესაბამისად, ამით ყველაფერი დამთავრებული არ არის, ეს ნიშნავს, რომ ხვალ სასამართლომ შეიძლება ბატონ ჯიბღაშვილს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდოს. სტატისტიკას რაც შეეხება, მე ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, თუმცა 260-ე მუხლის იმ ნაწილზე, რა ნაწილითაც მას ბრალი ედება, საკმაოდ ბევრ ბრალდებულს ნახავთ გარეთ, გირაო შეფარდებულს. ჩემთვის ცოტა გაურკვეველია. ჯიბღაშვილი დღეს რომ პატიმარი ყოფილიყო, სხვანაირ კონტექსტში დაისმებოდა ალბათ შეკითხვები, რომ კანონი როგორი მკაცრია. ჩვენთვის ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი და რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ის ბრალდებულის სახით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.