ლევან იზორიამ ატლანტიკურ საბჭოში ევრაზიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან დისკუსია გამართა
ლევან იზორიამ ატლანტიკურ საბჭოში ევრაზიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან დისკუსია გამართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა, რომელსაც მოდერატორობა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, ალექსანდრ ვერშბოუმ გაუწია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. როგორც მინისტრმა განაცხადა, განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით მზარდი დინამიკა აქვს – იქნება ეს ნატო-საქართველოს სწავლება თუ მრავალეროვნული სწავლებები. დისკუსიაზე ასევე აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

„წელს ჩვენ გვექნება დასავლეთ საქართველოში მრავალეროვნული სწავლება, რომელიც სწორედ ამ მასშტაბსა და დინამიკას უზრუნველყოფს მონაწილე ქვეყნების რაოდენობითა და სწავლებაში სხვადასხვა ელემენტის ჩართულობით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ცნობით, ატლანტიკურ საბჭოში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივა. ამ კონტექსტში მხარეებმა ერთმანეთს სტრატეგიული ხედვა გაუზიარეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სტრატეგიული ამოცანის გასახორციელებლად, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

„ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს დახმარებას უწევს, რომ თავდაცვის ძალები მაღალ პროფესიულ დონეზე განავითაროს და ალიანსთან სრულიად თავსებადი გახადოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს, რათა საქართველოსთვის ნატო-ს კარი გაიღოს. ეს კი ალიანსის მხრიდან 2008 წლის დაპირებაა“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, ალექსანდრ ვერშბოუმ.