ლევან იზორია - საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე
ლევან იზორია - საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ხანგრძლივი მუშაობისა და თანამშრომლობის შედეგად გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

იზორიას თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს განათლების სფეროში არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებას.

„შეთანხმება ასევე ითვალისწინებს პარტნიორულ საფუძველზე დასაქმებას, როგორც ადგილზე, საქართველოში კვალიფიციური კადრებისა, ასევე შესაბამისი კადრების დასაქმებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ახლო მომავალში სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მოხდება იდენტიფიცირება სამუშაო ბაზრისა, მოხდება იდენტიფიცირება ადგილზე საქართველოს რეალობაშიც კვალიფიციური კადრების ხელშეწყობისა, რათა ერთობლივად შევებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კანონიერ მიგრაციას“, – განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, გერმანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.