ლევან იოსელიანი - „გავრილოვის ღამე“ არის იმ დღის გამომხატველი ტერმინი, რომელსაც იყენებს ყველა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის უკან რამე სამართლებრივი შეფასება დევს
ლევან იოსელიანი - „გავრილოვის ღამე“ არის იმ დღის გამომხატველი ტერმინი, რომელსაც იყენებს ყველა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის უკან რამე სამართლებრივი შეფასება დევს

მგონია, რომ სიტყვებით ჟონგლიორობას თავი უნდა დავანებოთ. „გავრილოვის ღამე“ არის იმ დღის გამომხატველი ტერმინი, რომელსაც იყენებს ყველა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, ლევან იოსელიანმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის იმ განცხადებაზე, სადაც მან თქვა: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები, აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან“.

იოსელიანის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ამის უკან რამე სამართლებრივი შეფასება დევს.

„ამიტომ სრულიად გაუგებარია, რატომ არის ეს ტერმინი ვიღაცისთვის მიუღებელი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

„გავრილოვის ღამე“ რას ნიშნავს?! ეს ამბავი მოჰყვა გავრილოვის ჩამოსვლას საქართველოში, ასე რომ ეთქვა, ხომ არ იქნებოდა პრობლემა. „გავრილოვის ღამის“ უკან იგულისხმება კონკრეტული მოვლენა, რაც გულისხმობს გავრილოვის ჩამოსვლას, ამ შენობაში თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას და ამის მერე საზოგადოებისგან გაპროტესტებას. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტზე გაამახვილა ელჩმა ყურადღება. რამე შეფასება კი არ გააკეთა ამ ფაქტის, რომ სწორი იყო ან არასწორი. ამ სიტყვებით ჟონგლიორობა არანაირად არ ჯდება არავითარ კონტექსტში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანმა კომენტარი გააკეთა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ მომზადებულ რეკომენდაციებზე.

„ძალიან ნორმალური რეკომენდაციებია, რომელიც ძირითადად ეფუძნება მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ხედვას, რა უნდა გაკეთდეს სასამართლოში. ის არ არის ინსტრუქცია, ეს არის რეკომენდაცია. იმ სამუშაო ჯგუფისთვის და მისი თავმჯდომარისთვისაც მისაღებია ეს ყველაფერი და მათთვის რატომ არის მიუღებელი, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.