ლევან იოსელიანი - მეტი არგუმენტაცია სჭირდება მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში „ვეტინგის“ შესახებ, შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები და ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობა
ლევან იოსელიანი - მეტი არგუმენტაცია სჭირდება მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში „ვეტინგის“ შესახებ, შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები და ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობა

მეტი არგუმენტაცია სჭირდება მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ. ერთი მხრივ, შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები, მეორე მხრივ, რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა იყოს.

„„ვეტინგის“ სისტემაზე ერთხელ უკვე გავაკეთე კომენტარი და გავიმეორებ, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც საქართველოში არსებობს. შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ, მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, ჩემი აზრით, მეტი არგუმენტაცია სჭირდება. ერთი მხრივ, შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები, მეორე მხრივ, რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და რამდენად შესაძლებელია ასეთი ტიპის „ვეტინგის“ სისტემის ჩატარება საქართველოში.

მაგალითად, ჩვენ ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც „ვეტინგის“ სისტემის შედეგები არა თუ დამაკმაყოფილებელია, არამედ მეტი პრობლემა წარმოშვა. ახლა სხვა ქვეყნებთან მიმართებით უკეთ არის ეს ყველაფერი შესასწავლი. როგორიც არ უნდა იყოს შედეგები, მნიშვნელოვანია, რომ, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი. არ უნდა გავიდეთ იმ ძირითადი კანონიდან, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ეს არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკური პარტიები „ვეტინგის“ ჩატარებაზე თუ შეთანხმდებიან, მათ შორის ოპოზიცია და მმართველი პარტიაც რომ შეთანხმდეს, ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.