ლევან გოგიჩაიშვილი - თადუმაძის დიპლომი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემა არის სიაში იმ ხალხთან ერთად ყოფნა, რომლებსაც უპირისპირდებოდა
დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის საკითხზე მოთხოვნა გაგზავნა, მაგრამ კომიტეტს ეს საქმე ბოლომდე არ მიჰყავს.
გოგიჩაიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფში შეთანხმდნენ, რომ კომიტეტი დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს მოითხოვდა, მაგრამ კომიტეტმა ეს პროცესი შეაჩერა.
„ჩემთვის შალვა თადუმაძის დიპლომი ძალიან დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში იმ ხალხთან ერთად ყოფნა წარმოადგენს, ვისაც წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა. ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეზე დამცველს წარმოადგენდა, მეორე მხარეს თამარ ალანია იყო. პრინციპების ზღვარი და მორალის ხაზი სად გადის? ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიაში გაბინაშვილთან, ჩინჩალაძის კლანთან ერთად არის და პრობლემა ეს არის. ორგანიზაციებმა, რომელთაც გული შესტკივათ წარსულსა და კანონის უზენაესობაზე, ამ საკითხებზეც გააკეთონ კონცენტრირება”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.