ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქციის შექმნის რესურსი არსებობს
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან ბიძინა გეგიძის გარიცხვის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქციის შექმნის რესურსი არსებობს.
როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ფრაქციის შექმნის თაობაზე კონსულტაციები გაიმართება.
„ფრაქციის შექმნის რესურსი არსებობს. ოთხ ადამიანს ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს, განცხადებას უახლოეს დღეებში გავაკეთებთ. ფრაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს. როდის შეიქმნება, არ ვიცი. თუ ფრაქცია შეიქმნება, ეს პოლიტიკურ ცხოვრებას წაადგება”, – განაცხადა დეპუტატმა.
ლევან გოგიჩაიშვილი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს, დამოუკიდებელ დეპუტატებთან – ლევან კობერიძესთან, კობა ნარჩემაშვილთან, გედევან ფოფხაძესთან და ბიძინა გეგიძესთან ერთად. რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა ექვსი დეპუტატი.
ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გუშინ გარიცხეს.