ლევან ჟორჟოლიანი - ილია ჯიშკარიანს უფლებამოსილება შეუჩერდება, თუ სასამართლო შეუფარდებს პატიმრობას
ოპონენტების მტკიცება, რომ უმრავლესობაზეა დამოკიდებული საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, არის ტყუილი და არ ეფუძნება არც ერთ სამართლებრივ ნორმას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
„ზოგადად, როდესაც პირს ბრალი წარედგინება, ამის შემდეგ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით. არ მაქვს ინფორმაცია, რომელ ფორმასთან არის დაკავშირებული. თუკი ეს იქნება პატიმრობა და მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, რადგან არაერთხელ მოხდა ამის განმარტება, თუ ეს იქნება პატიმრობა, დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ილია ჯიშკარიანის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით დავაყენებთ საკითხს იურიდიულ საკითხთა კომისია საკრებულოს სხდომაზე“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, თუ სასამართლო ჯიშკარიანს აღკვეთის სხვა ღონისძიებას შეუფარდებს, რომელიც გამორიცხავს პატიმრობას, ამ შემთხვევაში კანონი მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას არ ითვალისწინებს.
„შესაბამისად, ოპონენტების მტკიცება, რომ უმრავლესობაზეა დამოკიდებული შეჩერების საკითხი და ეს მხოლოდ ჩვენი ინიციატივით შეიძლება, მოხდეს, არის ტყუილი და არ ეფუძნება არც ერთ სამართლებრივ ნორმას. პირდაპირ გვეუბნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი, რომ მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობა არის საფუძველი იმისა, რომ შეჩერდეს უფლებამოსილება. შეწყვეტა შესაძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის პირობებში და პირადი განცხადების საფუძველზე. როცა გაივლის პირველ, მეორე და მესამე ინსტანციას, ამ დროს შედის კანონის ძალაში გადაწყვეტილება, ხოლო რაც შეეხება შეჩერებას, თუკი ის იქნება პატიმარი, როდესაც მას ფიზიკურად საშუალება არ ექნება, განახორციელოს დეპუტატის უფლებამოსილება, ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომისია მოამზადებს სამართლებრივ დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს სხდომას. ოპონენტები ამბობენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ კანონი ამას არ ითვალისწინებს და იტყუებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ერევათ პარლამენტის წევრის სტატუსში საკრებულოს წევრის სტატუსი. როგორც პარლამენტის სხვა წევრის შემთხვევაში მომხდარა, რომ მიუმართავს პროკურატურას მანდატთან დაკავშირებით, რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე უნდა მოხდეს. რეალურად საკრებულოს წევრი ამ მანდატითა და იმუნიტეტით არ სარგებლობს იმის მიუხედავად, რომ საკრებულოს წევრია. მას ავტომატურად შეუჩერდება უფლებამოსილება თუ კი მოთხოვნილი იქნება პატიმრობა და პატიმრობას დააკმაყოფილებს სასამართლო“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.