ლევან აკინი - ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და დაგეგმილი ჩვენება არ გააუქმა
ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა რომელიმე დაგეგმილი ჩვენება, – ამის შესახებ ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი ინსტაგრამის პირად გვერდზე წერს.
„ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა რომელიმე დაგეგმილი ჩვენება, არამედ სოლიდარობა გამოუცხადა მას. ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ფილმი. ეს ბრძოლა შორს არის დასრულებასთან. ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ, ფილმის ყველა იმ მაყურებლით, რომელიც საკუთარ პოზიციაზე დარჩა და არ დაშინდა“, – წერს რეჟისორი ინსტაგრამზე.
საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.
აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.
ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.
ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.