ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საწინააღმდეგო აქციები დასრულდა

თბილისსა და ბათუმში არსებულ კინოთეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საწინააღმდეგო აქციები დასრულდა.

აქციები დღის მეორე ნახევარში დაიწყო და მისი ორგანიზატორები ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ასევე გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ორგანიზაცია „ქართული მარში“ და მათი თანამოაზრეები იყვნენ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს კინოთეატრებში შესვლისა და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსების ჩაშლისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეებმა კინოთეატრებში შესვლა და ფილმის სანახავად მისული მაყურებლების დარბაზში შესვლისთვის ხელის შეშლა სცადეს.

კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე. მისი განცხადებით, პოლიციის ძალები მობილიზებული იყო თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრთან. პოლიცია დარბაზში მაყურებლის უსაფრთხოდ შესვლას უზრუნველყოფდა. ასევე, სეანსების დასრულების შემდეგ, მათ აცილებდა.

პოლიცია პერიოდულად აქციის მონაწილეებისაგან კინოთეატრ „ამირანთან“ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობდა. ხდებოდა მცირედი დაპირისპირებები.

თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და დასრულდა.

შსს-მ რამდენიმე ადამიანი დააკავა. „ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა.

რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, – განაცხადეს შსს-ში.

ამასთან, აქციის სამი მონაწილე დააკავეს ბათუმშიც.

დატოვე კომენტარი