დიმიტრი ლორთქიფანიძე შსს-ს მიმართავს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი გამოკითხვაზე დაიბაროს
დიმიტრი ლორთქიფანიძე შსს-ს მიმართავს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი გამოკითხვაზე დაიბაროს

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი გამოკითხვაზე დაიბაროს. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ფილმში მცირეწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღეს.

მისივე განმარტებით, მშობლები ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის დასჯას ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უნდა დაიწყოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გავაკეთებ განცხადებას – თუკი ლევან აკინი იმყოფება საქართველოში, ყველა პრევენციული ზომა იქნას მიღებული, რომ ამ ადამიანმა არ დატოვოს საქართველო, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს აქვთ. ეპიზოდური კადრების მოპოვება მოტყუების გზით განხორციელდა. შემოქმედებითი ჯგუფი სსკ-ის 143-ე პრიმა, ტრეფიკინგის მუხლით უნდა გასამართლდეს. ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოლოგების დახმარება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მათ იცეკვეს, ახლა დაიწყება მთავარი სამართლებრივი პროცესები. ყველა პირი, რომელსაც ამხელენ მშობლები ამ ტყუილის ინსპირაციაში, უნდა იყვნენ დაკითხულები და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კინოთეატრებთან განვითარებული მოვლენები შეაფასა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ. გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ აქციაზე ისინი მშვიდობით მივიდნენ, თუმცა მათ გარშემო პროვოკატორები იმყოფებოდნენ. ფალავანდიშვილი სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

„ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, რომ არავის არაფერი გამოეყენებინა, თუმცა კაცს ჯიბეში რა უდევს, ეს არავინ იცის. შეიძლება პროვოკატორები იყვნენ, შეიძლება ვინმემ გვიყურა და გაბრაზებული ადამიანი იყო. რადგან ასეთი ვითარება გამოჩნდა, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მიწოლა შევწყვიტეთ. ჩვენ შევიდოდით მხოლოდ მაშინ, თუ შევიდოდით ქრისტიანულად. პოლიციამ აქციის მონაწილეებზე იძალადა. კიდევ კარგი, ვერ შევაღწიეთ“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

დატოვე კომენტარი