ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოტყუებით გადაიღეს
ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოტყუებით გადაიღეს

მშობელი, რომლის არასრულწლოვანი შვილი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღეს, პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. როგორც არასრულწლოვანის მამამ, ზურაბ ღვინიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი შვილი ფილმში მოტყუებით გადაიღეს.

„მოვიდნენ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ბავშვების წასაყვანად. მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ იყო ქართული ტრადიციული ფილმის გადაღებები. ეჭვსაც ვერ შევიტანდით, რომ ამ ფილმში იყო ასეთი სცენები. ფილმი შარშან გადაიღეს და ბავშვი 10 წლის იყო. ჩემი მეუღლეც ახლდა გადაღებებზე, თუმცა არ იცოდა, რას იღებდნენ. სარჩელი შემაქვს სამართალდამცავ უწყებაში და მოვითხოვ, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოტყუებით წაიყვანა ბავშვები. ასევე ვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვანები მონაწილეობენ“,- განაცხადა არასრულწლოვანის მამამ.

ამასთან, არასრულწლოვანის მამასთან ერთად დღეს პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე. ბრეგაძე ითხოვს, ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ასევე გაეგზავნოს განცხადება ოსკარების აკადემიას, რათა ფილმი, ბავშვთა ტრეფიკინგის მოტივით, ნომინანტთა სიიდან ამოიღონ.

„გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უკვე გადაგზავნილი აქვს ცნობა იმის შესახებ, რომ ლევან აკინის ფილმში მოტყუებით, მშობლის ნებართვის გარეშე გადაღებულია ათი წლის არასრულწლოვანი. თითქოს და ეროვნულ ფილმში მონაწილეობის მოტივით დაითანხმეს ბავშვები და მშობლები. მიმართავთ პროკურატურას, აღიძრას საქმე აკინისა და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წინააღმდეგ. ასევე გავუგზავნოთ ოსკარების აკადემიას განცხადება, რომ ბავშვთა ტრეფიკინგის მოტივით ფილმი ამოღებულ იქნას ნომინანტთა სიიდან. ასევე მოვითხოვთ, ფილმიდან ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვნები არიან ნაჩვენები“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.