„ლელო“ გამოდის ინიციატივით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადასაწყვეტად კონკრეტული ვადა დაწესდეს
„ლელო“ გამოდის ინიციატივით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადასაწყვეტად კონკრეტული ვადა დაწესდეს

პარლამენტში „ლელოს“ საპარლამენტო გუნდმა წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესატანად.

ინიციატივა გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია „ლელოს“ საპარლამენტო გუნდის წევრი თორნიკე ართქმელაძე. ინიციატივა ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა წარადგინა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის დღევანდელი რედაქციით, სასამართლოსთვის დადგენილია მხოლოდ საქმის განხილვის და არა გადაწყვეტის გამოტანის ვადა. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წლების განმავლობაში არ აცხადებს გადაწყვეტილებას. ასეთი გახმაურებული საქმეა, მაგალითად: ე.წ. კაბელების საქმე, ე.წ. მოსმენების საქმე, პანდემიის მართვასთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საქმე. როგორც წესი, ეს ხდება პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე ან ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მთავრობას აქვს ინტერესი. ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი. სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ საქმის განხილვას. აუცილებელია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნას დროულად, რადგანაც მოქალაქეებს ლოგიკურ ვადაში შეეძლოთ თავიანთი სადავო უფლებების აღდგენა. სხვა შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ხდება ფიქცია და ის ვერ ჩაითვლება სათანადოდ განხორციელებულად. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისი ცვლილებაც აუცილებელია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კანონში ცვლილება კონსტიტუციური მართლმსაჯულების გამართვისთვის არის აუცილებელი.

„ჩვენ ვერ დავარქმევთ ორგანოს სასამართლოს, სადაც საქმის განხილვის დასრულების შემდეგ 2,4 და 5 წელი არ ცხადდება გადაწყვეტილება. კანონით დარეგულირებულია განხილვის ვადა, ხოლო ამის შემდეგ 2, 3,4 და 5 წელი გადაწყვეტილებები არ ცხადდება. როგორ შეიძლება ამას ეწოდოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, როდესაც „კოვიდთან“ დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების თაობაზე „ლელოს“ მიერ შეტანილ სარჩელზე, 2020 წლის აგვისტოში დასრულდა განხილვა და მას მერე გადაწყვეტილება არ ცხადდება. ჩვენი კანონპროექტით შეზღუდული იქნება ვადები და სასამართლო ერთი წლის, მაქსიმუმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვალდებული იქნება, განიხილოს კიდეც, სათათბიროშიც ითათბირონ და გადაწყვეტილება გამოაცხადოს. ესაა საჭიროება კონსტიტუციური მართლმსაჯულების გამართვის და არა ის, რაზეც „ქართული ოცნება“ ერთი კვირაა აურზაურს ტეხს სრულიად სხვა მოტივებით. ეს კანონპროექტი დღესვე დაინიცირდება. საინტერესოა, რა შეიძლება იყოს საწინააღმდეგო მოსაზრება და ვინ შეიძლება დაასაბუთოს, რომ არაუშავს, მოსამართლეები 5 წელი იყვნენ ე.წ. სათათბირო ოთახში და მოსარჩელის უფლებები დაცული და უზრუნველყოფილი არ იყოს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.