ლავროვი - იმედი მაქვს, სოლსბერიში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას სკრიპალი თავად გააკეთებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ლონდონი სერგეი სკრიპალის საქმეზე ოფიციალური მეთოდების გამოყენებაზე გამიზნულად ამბობს უარს.
„ფაქტი ასეთია, სერგეი სკრიპალიც ცოცხალია და მისი ქალიშვილიც. იმედი მაქვს, თუ მათ განკურნავენ, ისინი ნათელს მოჰფენენ მომხდარს“, – განაცხადა ლავროვმა იაპონელი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
თუმცა, როგორც ლავროვი ამბობს, სკრიპალის გამოჯანმრთელებას არავინ ელოდება.
„ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. როგორც ბრიტანელმა კოლეგებმა თქვეს, ჩვენ არაფერს გვაჩვენებენ, მათ ყველაფერი იციან, ჩვენ კი, ისღა გვრჩება, გავაცნობიეროთ ჩადენილი, რის შემდეგაც დაგვსჯიან – ეს არის ის, რასაც ისინი ინგლისურ ენაზე ამბობენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიდ ბრიტანეთს არ სურს ჭეშმარიტების დადგენა და უბრალოდ ცდილობენ, მათი პოზიცია მსოფლიომ გაიზიაროს.
„ისინი ცდილობენ რუსოფობიული ხაზით საკუთარი ლიდერობა დაამტკიცონ“, – ამბობს ლავროვი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღეს.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. 66 წლის სერგეი სკრიპალმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი 2010 წელს, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ჯაშუშების გაცვლის დროს მიიღო.