ექსკლუზივი | ლაშა შავდათუაშვილი - თავს არ დავზოგავ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო [ვიდეო] #1TVSPORT
ექსკლუზივი | ლაშა შავდათუაშვილი - თავს არ დავზოგავ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიდაზე საქართველოს სახელით არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი იასპარეზებს. მათ შორისაა 29 წლის ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადა ოქროს მედლით დაასრულა, წლეულს კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებას 2013 წლიდან ვცდილობდი, ალბათ არ ვიყავი მზად და დღეს, როდესაც უკვე მაქვს ეს ჯილდო ვაღიარე, რომ ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია, რადგან ამ წარმატებისთვის მე წლების განმავლობაში ვემზადებოდი. საქართველოს ჰიმნის გაჟღერების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ლოდინად ღირდა. ეს არის მოტივაციის ის წამი, როდესაც სპორტსმენმა ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დაყაროს. ძიუდომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა და მე ის ძალიან მიყვარს ვგრძნობ, რომ ძიუდოს სამყაროც ძალიან მაფასებს.

სპორტსმენი ყოველდღიურად ბევრს შრომობს, მაგრამ გამარჯვებისთვის უფრო მეტია საჭირო ის, რომ იმ კონკრეტულ დღეს დიდი შეჯიბრი მოიგო ყველა სხვა მონაწილეზე მეტად უნდა გინდოდეს, იმ დღეს წაგებისთვისაც მზად უნდა იყო, რადგან თუ მარცხზე არ ფიქრობ ძნელია გამარჯვება“, – მოგვითხრობს ლაშა შავდათუაშვილი.

 

ლონდონი 2012

„ლონდონის ოლიმპიური თამაშების წინა პერიოდ კარგად მახსოვს. 20 წლისა ვიყავი, ოლიმპიადაზე საბრძოლველად ჩავედი. მაშინ არც გამარჯვებაზე ვფიქრობდი და არც იმაზე, რომ წარმატების შემთხვევაში ძიუდოში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი ვიქნებოდი. ვფიქრობდი ყოველ ახალ შეხვედრაზე და ასე მარტივად გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი.

ვცდილობ, ყველგან და ყოველთვის წონასწორობა შევინარჩუნო. წარმატების მიღწევაში ეს ძალიან მეხმარება. შენი პირადი ტიტულები არასდროს არ უნდა განადიდო, რადგან ყველაზე დიდი სიამოვნება არის მაშინ როდესაც უცხო ადამიანები გეფერებიან, გილოცავენ და შენთან ერთად ახალ გამარჯვებებზე საუბრობენ. ეს ძალიან დასაფასებელია, რადგან როდესაც შენ გამარჯვებისთვის იბრძვი თუნდაც რამდენიმე წუთით ქომაგს საკუთარი პრობლემები ავიწყდება“.

 

შრომის სიყვარულის ნიჭი

„სპორტული მწვერვალის დაპყრობას სუფთა ფურცლით იწყებ… მე მაშინ არაფერი მქონდა, არც ნიჭი მქონდა განსაკუთრებული… დიახ ეს ასეა – მე წარმატებული მხოლოდ შრომის ხარჯზე გავხდი. შრომის სიყვარულის ნიჭი მქონდა და ამიტომ მიყვარს ძიუდო, რომ სწორედ აქ დააფასა ჩემი ნიჭიერება.

მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს – სპორტს არ სჭირდება განსაკუთრებულობა, მთავარია მონდომება, შრომა, მოთმინება, მთავარია სიყვარული ისწავლო და განსაზღვრო შენი ენერგიის რა ნაწილს დათმობ მისთვის და მერე ის თავად გაღიარებს და მიგიყვანს მწვერვალამდე“.

 

ოჯახი

„ძიუდოზე პაპამ მიმიყვანა. მოტივაციას თავიდანვე ოჯახი მაძლევდა. დღესაც ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი, მშობლებთან ერთად, ჩემი მეუღლეა. რთულია, როდესაც ხარ ორი ბიჭის მამა და მუდმივად წასული ხარ. სახლში ყოფნისასაც კი დღის რეჟიმის მთავარი შემადგენელი ნაწილი ვარჯიშია. ჩემი და ჩემი ოჯახის მოტივაციაც სწორედ ეს არის, რომ წვრთნის პროცესს არცერთი წუთი არ მოაკლდეს. მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლამდე ერთი კვირა სახლში მომიწია ყოფნა და უფროსი ვაჟი, რომელიც უმცროსზე 11 თვით დიდია ხშირად აწვალებდა პატარას და სულ ვეუბნებოდი თუ გინდა მედალი ჩამოგიტანო მოეფერე და არ გააწვალო-თქო და ვიყავით ასე“.

 

იმდენად მიყვარს ძიუდო, რომ…

„ერთობლივ საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებაზე ყოველთვის იგრძნობა, რომ შენ ხარ ტიტულოვანი და პატივისცემაც განსაკუთრებულია. ყველას უნდა, რომ შენი სპარინგ-პარტნიორი იყოს. შეჯიბრებაზეც არის მსგავსი დამოკიდებულება, რადგან შენთან ჭიდაობისას ყველა მაქსიმუმის გაღებას ცდილობს. ის ჭიდაობს ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ და თუ წააგებს იცის, რომ მისი მარცხიც სხვაგვარად შეფასდება.

ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი ისევდაისევ საკუთარი თავია. მასთან ჩემი ბრძოლა ყოველდღიურად მიმდინარეობს. ყოველ დილით სარკეში ყურებისას საკუთარ თავს ვხედავ და ყოველთვის ვეუბნები, რომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო. იმდენად მიყვარს ძიუდო, რომ მოწყენის დრო ჩემი სპორტული კარიერის მანძილზე არასდროს ყოფილა. დამიჯერეთ, დღეს უფრო მეტი სიხალისით მივდივარ ვარჯიშზე ვიდრე წლების წინ.“

 

მიზანი

„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა ოლიმპიურ თამაშებზე ვიჭიდავო. ეს მიზანი რიოშივე დავისახე და საკუთარ თავს ვუთხარი – ჯერ უნდა მოიპოვო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია და მერე მედალზეც იფიქრო-მეთქი.

ბრძოლისთვის მზად ვარ, დანარჩენი იმ კონკრეტულ დღეს გამოჩნდება. დღეს, ჩვენს გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. მათ დიდი პოტენციალი აქვთ. მთავარია, რომ მათ გამარჯვებები სწყურიათ. როდესაც გუნდში გყავს კონკურენტი, უფრო ფხიზლად ხარ.

მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელთა საბჭოს წევრებს, ექიმებს, გულშემატკივრებს, ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მინდია ბოდაველს. მას დიდი წვლილი აქვს ჩემს წარმატებაში, ასევე ლაშა გუჯეჯიანს ყველას ვინც დამეხმარა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი.

თავს არ დავზოგავ, რომ ტოკიოში ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო და თუკი დავმარცხდები, ამ წაგებასაც ღირსეულად შევხვდები“.