კრისტიან ერიქსენი - 2021 წლის ინციდენტთან შედარებით, ახლანდელი შემთხვევა ბევრად უსაფრთხო იყო #1TVSPORT
კრისტიან ერიქსენი - 2021 წლის ინციდენტთან შედარებით, ახლანდელი შემთხვევა ბევრად უსაფრთხო იყო #1TVSPORT

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კრისტიან ერიქსენმა საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას გონება უკვე მეორედ დაკარგა. დანიის ნაკრების 34 წლის ნახევარმცველი ამჯერად უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ თამაშში გახდა ცუდად გულის პრობლემების გამო. მედიკოსებს მის გონზე მოსაყვანად 10 წუთამდე დასჭირდათ, რის გამოც შეხვედრა შეწყდა და აღარ განახლებულა.

ინციდენტის შემდეგ ერიქსენმა პირველი განცხადება გაავრცელა:

„მინდა, ყველას გამცნოთ, რომ კარგად ვარ. ახლა უკვე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ვიმყოფები. ჩემი ვარაუდი გამართლდა, წლების წინ ჩადგმული დეფიბრილატორი ნამდვილად მიცავს, ამიტომ, 2021 წლის ინციდენტთან შედარებით, ახლანდელი შემთხვევა ბევრად უსაფრთხო იყო. ამ ეტაპზე მთელ დროს ოჯახსა და დასვენებას ვუთმობ, შესაბამისად, სხვა თემებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ“, – აღნიშნა კრისტიან ერიქსენმა.

კრისტიან ერიქსენს გულთან დაკავშირებული პრობლემა პირველად 2021 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, ფინეთთან მატჩის მსვლელობისას შეექმნა.