ლაშა პაპაშვილი - უსამართლოდ მიმაჩნია, მთელი წლის ქონების გადასახადს იხდიდეს სასტუმრო, რომელიც ზამთარში სრულად მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს
რთულ რელიეფურ ტერიტორიებზე მდებარე სასტუმროებს ქონების გადასახადზე სეზონური შეღავათი ეკუთვნით, – ამის შესახებ კომპანია „რედიქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა პაპაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა რუსეთთან გართულებული ურთიერთობისა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, პაპაშვილს საქართველოში დღეს არსებული ბიზნესკლიმატის შეფასება სთხოვა.
პაპაშვილი აზრით, მდგომარეობა სტაბილურია და რუსეთიდან ფართომასშტაბიანი ემბარგო მოსალოდნელი არ არის. ინტერვიუს დროს პაპაშვილმა აღნიშნა, რომ უსამართლობაა, როდესაც რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში მოქმედი სასტუმროები ქონების გადასახადს შეღავათის გარეშე იხდიან.
„მე არ ვითხოვ შეღავათს იმ რეგიონებში, რომელშიც სეზონის შემდეგ აქტივობა მართალია, დაბალია, მაგრამ მეტნაკლებად არის. აჭარის მაგალითი რომ ავიღოთ, სეზონის მერე აქტივობა ძალიან დაბალია, მაგრამ მაინც არის რაღაცა. აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია, რომ ისეთ ტერიტორიებზე მდებარე სასტუმრო, როგორიცაა მაგალითად თუშეთი, სადაც სასტუმრო ობიექტი გაქვს, რომელიც ზამთრის პერიოდში სრულად მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს და სეზონი ხუთ თვეს გრძელდება, მთელი წლის გადასახადს იხდის. ყველა მეთანხმება ამაზე, როცა ვსაუბრობ, მაგრამ არაფერი კეთდება ამის გამოსასწორებლად და მე ვფიქრობ, დაუშვებელია“, – განმარტა ლაშა პაპაშვილმა.