ლაშა პაპაშვილი - რუსეთიდან ფართომასშტაბიანი ემბარგო მოსალოდნელი არ არის
რუსეთიდან ფართომასშტაბიანი ემბარგო მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ კომპანია „რედიქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა პაპაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა რუსეთთან გართულებული ურთიერთობისა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, პაპაშვილს საქართველოში დღეს არსებული ბიზნესკლიმატის შეფასება სთხოვა.
პაპაშვილი აზრით, მდგომარეობა სტაბილურია და რუსეთიდან ფართომასშტაბიანი ემბარგო, სავარაუდოდ მოსალოდნელი არ არის.
„მე მგონი, უკვე გადავლახეთ ეს პრობლემა და აღარ დგას საკითხი, რომ ემბარგო სრულმასშტაბიანი იქნება. მხოლოდ საავიაციო მიმოსვლის შეზღუდვაზეა საუბარი და, მე მგონი, რუსული მხარე ამასაც გააუქმებს. ეკონომიკისთვის მოსალოდნელი ზარალი უკვე დათვლილია. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ტურისტული სექტორისთვის ეს დაახლოებით, 200 მილიონი დოლარი იქნება. მე მაინც მგონია, უფრო მეტია. მიუღებელი შემოსავალი ალბათ 300 მილიონამდე მაინც ავა. მთავარია ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ფულადი გადმორიცხვები, სადაც რუსეთი წამყვანი ქვეყანაა. ამ კუთხით უფრო ვხედავ საფრთხეს. რუსული ბაზრიდან ჩვენ ქვეყანაში, დაახლოებით, 300-400 მილიონი დოლარის შემოსავალი შემოდის“, – განუცხადა პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.