ლადო კახაძე - საზოგადოება მუდმივ ზრდაში, მუდმივად ჩამოყალიბების პროცესშია, დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება
საზოგადოება მუდმივ ზრდაში, მუდმივად ჩამოყალიბების პროცესშია, ნელ-ნელა სრულიქმნება და გვინდა თუ არ გვინდა, დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება, – განაცხადა ექიმმა რადიოლოგმა, ლადო კახაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ნებისმიერი ბობოქარი შტორმის შემდეგ ზღვას ადამიანი კი არ აწყნარებს, ის თავისით წყნარდება“, – განაცხადა კახაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ტოლერანტული თაობების აღზრდას, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ ის ამას ოჯახიდან და მუცლადმყოფი ნაყოფიდან იწყებს.
„როცა ორსული ქალი მოდის, მის ირგვლივ მთელი სამყარო ფეხზე უნდა დადგეს. ორსულ ქალს ისე უნდა შეხედონ, რომ უფლის ნებით ის ახალ სიცოცხლეს მოავლენს. ჩვენ არ ვიცით, ვინ მოვა, მაგრამ ახალმოსულს უფროსები, წინამორბედები წინასწარი კეთილგანწყობით უნდა დავხვდეთ“, – განაცხადა კახაძემ.
მისი თქმით, ოჯახში კამათიც არის, დავაც, მოწონებაც და არმოწონებაც, მაგრამ ურთიერთობა ერთმანეთისთვის გადაბრალებაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.
„არ ვარგა, როცა შვილებს ეუბნებიან, რომ ეს და ეს მისი ბრალია, ან პირიქით, შვილი მშობელს ადანაშაულებს. მშობელმა შვილს უნდა უთხრას, ჩემი ბრალია, შენ რომ ეს და ეს ვერ გამოგივიდაო. შვილიც ასე უნდა მოიქცეს. უნდა თქვას, რომ მშობელს ვერ მოუსმინა და რაღაც ამიტომ ვერ შეძლო“, – განაცხადა ლადო კახაძემ.