ლადო კახაძე - ჩემთვის მთავარია, მთაწმინდაზე იმ პრობლემატიკის მოგვარება, რომელიც ოცი წელია, არსებობს და მაწუხებს​
ლადო კახაძე - ჩემთვის მთავარია, მთაწმინდაზე იმ პრობლემატიკის მოგვარება, რომელიც ოცი წელია, არსებობს და მაწუხებს​

ყველა მომდევნო ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ფანტომური ტკივილები არ დატოვოს და მათ შორის, იმ ხელისუფლებამ, რომლის სახელსა და სახეს წარმოვადგენ, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან”, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმ ძალის მიერ მიყენებულმა ჭრილობებმა მოსახლეობას დიდი ტკივილები დაუტოვა. მედიცინაში ხმარობენ ფანტომურ ტკივილს. ფეხი არ გაქვს და ფეხი გტკივა. იმ ხელისუფლებამ ისეთი ბევრი ფანტომი დატოვა, რომ ამ ტკივილის აღქმა დღესაც ძალიან მტკივნეულად განიცდება და ეს არის პრობლემა. ამიტომ, ყველა მომდევნო ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ფანტომური ტკივილები არ დატოვოს, მათ შორის, იმ ხელისუფლებამ, რომელშიც მე ახლა ასოცირებული ვარ და რომლის სახელსა და სახეს წარმოვადგენ“, – განაცხადა კახაძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ თუ ამომრჩეველი ნდობას გამოუცხადებს, ყველაზე მთავარი ამ ნდობის გამართლებაა.

„დღეს ჩემი მიზანია ელემენტარულად, კომუნიკაციის აღდგენა, წესიერების დაბრუნება, არსებული კეთილი პოტენციალის გაღვიძება და დეტონაცია კეთილშობილ ადამიანებში, რომლებიც ბევრი არიან და ა.შ. 

ბევრი საკითხი მაწუხებს, თავდაცვის, უსაფრთხოების და ა.შ, მაგრამ მე მაჟორიტარი დეპუტატის რანგით შევდივარ და ახლა, ჩემთვის მთავარია იმ ადგილობრივი პრობლემატიკის მოგვარება, რომელიც ახლა კი არა, ოცი წელია არსებობს და მაწუხებს, რადგან ჩემ თვალწინ გაიარა ყველა ამ ტკივილმა და უმწეობის შეგრძნებამ, რადგან ის მაშინდელი ხელისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებას არაფრით არ ახალისებდა და მასთან კონფლიქტში იყო მოსული“, – განაცხადა კახაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის მხარეს გადაიხარა და ამას გაძლიერება სჭირდება.

„ამ ადამიანებს ოპერატიულად სჭირდებათ დახმარება. მთაწმინდის რაიონში უსაფრთხოების საკითხებზე და მცხოვრებლის უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი. აი, ახლა წვიმა რომ მოდის, შეიძლება, ბევრ სახლში ამ წვიმამ ჭერი ჩამოანგრიოს და დაცული არ არის იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც იქ ცხოვრობენ“, – განაცხადა კახაძემ.

მისივე თქმით, მთაწმინდის რაიონში დაახლოებით, 750 სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ვიღაცის სურვილით აქვს მინიჭებული, ისიც იცის, რატომ აქვს და ამის რევიზიას აპირებს.