ლადო ჭანტურია - ბერლინის კედლის ფრაგმენტის პრემიერისთვის გადმოცემა ხაზს უსვამს ქართულ-გერმანული ურთიერთობების განსაკუთრებულ ხასიათს
ბერლინის კედელი არის სიმბოლო იმისა, რომ ყველა ხელოვნურად, ძალადობრივად აშენებული კედელი, რომელიც ადამიანებს აპირისპირებს ერთმანეთთან, სახელმწიფოებს ხლეჩს, დაინგრევა. სწორედ ამ სულისკვეთებით აჩუქეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბერლინში კედლის ისტორიული ფრაგმენტი, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მოქმედმა ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიაზე განუცხადა.
„9 ნოემბერი არის ბერლინის კედლის დაცემის დღე. ბერლინის კედელი დაახლოებით სამი ათეული წლის განმავლობაში წარმოადგენდა დაპირისპირების, ქალაქის გახლეჩვის, კონტინენტის გახლეჩვის, ერთი ერის დაყოფის სიმბოლოს, მტრობის, შუღლის სიმბოლოს. ამ კედელს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ბერლინის კედელი არის თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ ყველა ხელოვნურად, ძალადობრივად აშენებული კედელი, რომელიც ადამიანებს აპირისპირებს ერთმანეთთან, სახელმწიფოებს ხლეჩს, დაინგრევა. სწორედ ამ სულისკვეთებით აჩუქეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბერლინში კედლის ისტორიული ფრაგმენტი“, – აღნიშნა ლადო ჭანტურიამ.
საქართველოს ელჩის ინფორმაციით, სულ 18 ასეთი ფრაგმენტია დარჩენილი.
„აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წელი არის ქართულ-გერმანული წელი, ამიტომ ამის ფარგლებში, ამ საჩუქრის გადაცემა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართულ-გერმანული ურთიერთობების განსაკუთრებულ ხასიათს“, – აღნიშნა ლადო ჭანტურიამ.