გერმანიის დედაქალაქში ბერლინის კედლის დანგრევის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი კვირეული დაიწყო
გერმანიის დედაქალაქში ბერლინის კედლის დანგრევის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი კვირეული დაიწყო

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეიდან ბერლინის კედლის დანგრევის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი კვირეული დაიწყო.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მთელი კვირის განმავლობაში გერმანიის დედაქალაქში 200-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.

მათ შორის იქნება გამოფენები, ინსტალაციები, წიგნების პრეზენტაცია და ა.შ. კვირეული ოფიციალურად დღეს საღამოს გაიხსნება. ალექსანდრპლაცზე ბერლინის ბურგომისტრი მიხაელ მიულერი სიტყვით გამოვა.

სწორედ ამ მოედანზე, 30 წლის წინ, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ათასობით მცხოვრები, სიტყვის თავისუფლებისა და სხვა დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად შეიკრიბა.

ამასთან, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსია ბუნდესტაგში.

1989 წელს, გერმანიის დემოკრატიული რესუბლიკის დაარსებიდან 40 წლის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა.

1989 წლის ოთხ ნოემბერს დემოკრატიისა და თავისუფლების მოთხოვნით, ალექსანდრპლაცზე მრავარიცხოვანი მიტინგი გაიმართა, ცხრა ნოემბერს კი ბერლინის კედელი დაინგრა.