ლადო აფხაზავა - უნდა ვაღიაროთ ჩვენი მოსწავლეები, როგორც ჩვენი თანასწორნი და ვიმეგობროთ მათთან [ფოტო]
ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი მოსწავლეები, როგორც ჩვენი თანასწორნი, – ამის შესახებ ქართველმა პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი დუბაიდან იუწყება, ერთ-ერთი ღონისძიება, რომელშიც „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტმა, ლადო აფხაზავამ დღეს მიიღო მონაწილეობა, ფინალისტებთან დისკუსია იყო, სადაც ათივეს სხვადასხვა კითხვაზე საკუთარი პოზიცია და შეხედულებები უნდა დაეფიქსირებინა.
დისკუსიის წამყვანმა ფინალისტებს ინდივიდუალური კითხვები დაუსვა: რატომ უნდა იყვენენ მოსწავლეები ჩართული საგაკვეთილო პროცესში, რა მიდგომებს იყენებენ გაკვეთილებზე, როგორ აწყობენ მოსწავლეებთან ურთიერთობას, რა ტექნოლოგიებს იყენებენ სწავლებისას. ამასთან, პანელის მოდერატორმა რამდენიმე საერთო კითხვაც დასვა და პასუხი ყველა ფინალისტს სთხოვა. მათ შორის ერთ-ერთი კითხვა იყო, რატომ გახდნენ მასწავლებლები. აღნიშნულ კითხვაზე, ქართველმა ფინალისტმა უპასუხა, რომ მასწავლებლობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკუთარი პედაგოგის ბავშვებთან მიდგომები არ მოეწონა. გადაწყვიტა თავადვე გამხდარიყო პედაგოგი და რეალობა შეეცვალა.
როგორც აფხაზავამ განაცხადა, ეს ნაწილობრივ საკუთარ კლასში, საკუთარ გაკვეთილებზე უკვე მოახერხა.
ამასთან, ღონისძიებაზე აფხაზავს ჰკითხეს საკუთარი მოსაზრება, თუ რატომ არის აუცილებელი საკლასო ოთახში იყოს ბედნიერება.
როგორც ლადო აფხაზავამ აღნიშნა, ბედნიერება ბავშვს განვითარებაში ეხმარება.
„ჩვენს ქვეყანაში მოსწავლეებს ბევრი გამოწვევა აქვთ, სახლში აქვთ პრობლემები. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლე სკოლაში იყოს ბედნიერი და ხალისიანი. სხვა შემთხვევაში, ისინი ოჯახურ პრობლემებში იძირებიან და ვეღარ ვითარდებიან. მე მათ ვთავაზობ სხვადასხვა სახის გაკვეთილს, მდინარესთან, სახურავზე ან სადმე სხვაგან. მათ ბედნიერებისთვის ცვლილებები სჭირდებათ“, – განაცხადა ჯილდოს ქართველმა ფინალისტმა.
ასევე, წამყვანი დაინტერესდა, რა ხერხს მიმართავს ლადო აფხაზავა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კარგი ურთიერთობის დასამყარებლად.
„მასწავლებლობა არის ძალიან ბევრი გასაღებით ძალიან ბევრი კარის წინ დგომა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი მოსწავლეები, როგორც ჩვენი თანასწორნი, ვიმეგობროთ მათთან და ვაღიაროთ მათი გამოწვევები, თუ რა ელოდებათ მომავალში. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვეხმარებით გამოწვევების დაძლევაში“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.
„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ ხვალ გამოვლინდება. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.