ლადო აფხაზავა - ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი „გლობალ თიჩერის“ ფინალისტების სახით, ერთად მაგარ საქმეებს გავაკეთებთ
ძალიან ამაღელვებელია, როდესაც ჰიუ ჯეკმანის გვერდით დგახარ ერთ სცენაზე და ამ შოუს ერთ-ერთი უშუალო მონაწილე შენ ხარ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტმა, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ განუცხადა.
„ძალიან მიხარია, რომ მოვხვდი ათეულში. ძალიან სასიამოვნო გარემო იყო დღევანდელი დღისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს განათლების მინისტრს, რომ ჩამოვიდა და ჩემს გვერდით იყო. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის“,- აღნიშნა აფხაზავამ.
ლადო აფხაზავამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩემი გეგმები არის ის, რომ უკვე ჩავერთვები საერთაშორისო პროექტებში. გლობალური მიმართულებით ვიმუშავებ. ათეულის სახით ძალიან საიმედო და საინტერესო პიროვნებები გავიცანი, რომლებთან ერთად ძალიან მაგარ საქმეებს გავაკეთებთ. მიხარია, რომ ისინი ჩემი მეგობრები გახდნენ.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ინდოეთის წარმომადგენელს განსაკუთრებით დავუმეგობრდი, ამიტომ ის 5 ოქტომბერს ჩამოვა საქართველოში, დაესწრება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალს, სადაც 2019 წლის საქართველოს საუკეთესო მასწავლებელს გამოვავლენთ. ალბათ ის იქნება საქართველოში გლობალის ელჩი. შეიძლება, რომელიმე სხვა ქვეყანამ მიმიწვიოს ელჩად და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები.
ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და დავსახავთ სამომავლო გეგმებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგე, ეს არაფერს ნიშნავს. ამ კონკურსს წაგებული არ ჰყავს. ათეულის წევრი როდესაც ხდები, შენ ხარ მოგებული. ეს კონკურსი უკვე მეხუთე წელია რაც იმართება და წაგებული მასწავლებელი არასდროს წასულა აქედან. აქედან გამომდინარე, მე ვულოცავ კენიის წარმომადგენელს. ეს არის ადამიანი, რომელიც სჭირდება მსოფლიოს. დღეს კენიიდან და აფრიკის კონტინენტიდან წარმოდგენილი მასწავლებელია ის მასწავლებელი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მსოფლიოს. მიხარია, რომ ასეთი ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო გლობალურმა ჯილდომ“,- განაცხადა ლადო აფხაზავამ.
„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. გამარჯვებული მასწავლებელი გლობალური დაჯილდოების ცერემონიაზე დუბაიში გამოავლინეს. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ათ ფინალისტს შორის იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.