კვლევის მიხედვით, პლასტმასის ჩვეულებრივი დანამატი აუტიზმთან არის დაკავშირებული — #1tvმეცნიერება
კვლევის მიხედვით, პლასტმასის ჩვეულებრივი დანამატი აუტიზმთან არის დაკავშირებული — #1tvმეცნიერება

ბოლო ათწლეულებში, მსოფლიოში ბავშვებში მკვეთრად გაიზარდა აუტისტური სპექტრის აშლილობისა (ASD) და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) დიაგნოზი. ახალი კვლევის მიხედვით, ამის პოტენციური მიზეზი შეიძლება იყოს პლასტმასის ჩვეულებრივი დანამატი, სახელად ბისფენოლ A (BPA).

ბისფენოლ A გამოიყენება ბევრ პლასტმასასა და მისი წარმოების პროცესში. ასევე გვხვდება საკვების ჭურჭელსა და სასმლის ქილებში. წინა კვლევების მიხედვით, ის ასევე დაკავშირებული აღმოჩნდა ჰორმონების დარღვევით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებთან, მათ შორის, ძუძუს კიბოსთან და უნაყოფობასთან.

ახალ კვლევაში, ბრიტანეთის როუენის უნივერსიტეტისა და რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ბავშვთა სამი ჯგუფი შეისწავლეს: 66 აუტიზმის მქონე, 46 ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის და 37 ნეიროტიპური ბავშვი. უფრო კონკრეტულად, ანალიზი ჩაუტარეს გლუკურონიდაციის პროცესს — ქიმიურ პროცესს, რომლითაც სხეული სისხლიდან ტოქსინებს გამოდევნის შარდის გზით.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ASD-ისა და ADHD-ის მქონე ბავშვების სისხლიდან ბისფენოლ A-სა და მისი მსგავსი ნაერთის, დიეთილჰექსილ ფტალატის (DEHP) ისე ეფექტიანად გამოდევნა ვერ ხერხდებოდა, როგორც სხვა ბავშვებში, რაც პოტენციურად იწვევს მათი ტოქსიკური ეფექტების უფრო ხანგრძლივ ზემოქმედებას.

„ამ ორი პლასტიფიკატორის დეტოქსიკაცია შეზღუდულია აუტისტური სპექტრის აშლილობისა (ASD) და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) მქონე ბავშვებში. შედეგად, მათი ქსოვილები უფრო მეტად ექვემდებარება ამ ორ პლასტიფიკატორს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მხოლოდ ბისფენოლ A (BPA)-ს შემთხვევაში აღმოჩნდა სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი: ეფექტიანობა დაახლოებით 11 პროცენტით იყო შეზღუდული აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში, ხოლო 17 პროცენტით ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის მქონეებში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ბავშვებში.

მკვლევართა აზრით, ზოგიერთ ინდივიდში არსებული გენური მუტაციების გამო, ბისფენოლ A ორგანიზმიდან ისე ვერ გამოიდევნება, როგორც საჭიროა, რის გამოც, ეს ნივთიერება სხეულში რჩება. ეს კი პოტენციურად შეიძლება იწვევდეს ნეირონების განვითარებისა და ფუნქციონირების დაზიანებას.

მიჩნეულია, რომ ASD და ADHD გამოწვეულია გენეტიკურ და გარემოებით გავლენათა კომბინაციით; ახალი კვლევა კი ორივე მათგანს აერთიანებს. თუმცა, ის მხოლოდ ამბის ნაწილია — ნეიროგანვითარების აშლილობის მქონე ყველა ბავშვს არ აქვს ბისფენოლ A-თი გამოწვეული პრობლემები და შესაბამისად, საქმეში სხვა ფაქტორებიც არის ჩართული.

მკვლევრები მუშაობას აგრძელებენ, რათა გამოავლინონ, ზუსტად როგორ ვითარდება ადამიანებში აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD) და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა (ADHD); მაგალითად, ეს ჯერ კიდევ დაბადებამდე ხდება საშვილოსნოში, თუ მოგვიანებით, უკვე ცხოვრებაში, რადგან მონაცემები არ არის საკმარისი, რათა დადგინდეს, იწვევს თუ არა ბისფენოლ A რომელიმე ამ აშლილობას.

„არსებობს მთელი რიგი ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს კავშირზე ნეიროგანვითარებით აშლილობებსა და გარემოს დამაბინძურებლებს, მაგალითად, პლასტიფიკატორებს შორის“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, უცნობია, რამდენია პლასტიფიკატორებით გამოწვეული ნეიროგანვითარების აშლილობების ზოგადი გამოვლინება ამ აშლილობათა საერთო გამოვლინებაში, მაგრამ მასზე უნდა მოდიოდეს მნიშვნელოვანი ნაწილი, თორემ ასეთი საშუალო ზომის მეტაბოლურ კვლევაში ამის დაფიქსირება ასე ადვილი არ იქნებოდა.

კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.