კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად კლინიკაში გადაყვანილი ხუთი დაშავებულიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუს ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ავარიის შედეგად კლინიკაში სულ ხუთი დაშავებული შეიყვანეს, რომელთაგან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მისივე თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
„დაახლოებით ორი საათის წინ კლინიკაში ერთდროულად პოლიტრავმებით შემოიყვანეს ხუთი ადამიანი. აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით. ის ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაიცვალა. ოთხ ადამიანზე აქტიური მუშაობა მიდის.
ვადასტურებ, რომ ერთი ბავშვია, რომელსაც მოტეხილობები აღენიშნება. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა, ზოგიერთის საშუალო სიმძიმის“, – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე დღეს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა.