კოტე კემულარია - ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში პროფესიონალები, დავამარცხოთ კორუფცია და კრიმინალის პარპაში
ხიფათი მხოლოდ გარედან არ მოდის, დღეს საფრთხეს გვიქმნის საკუთარი ხელისუფლება, – ამის შესახებ ახალი პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა, კოტე კემულარიამ მოძრაობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქართველომ დაკარგა მთავარი ფუნქცია, როცა ისტორიულად კავკასიაში ყოველთვის ლიდერი იყო.
„ბიძინა ივანიშვილი შვიდი წელია, გვინიშნავს პრემიერებს, ხსნის, მართავს სუს-ს, პროკურატურას, პოლიციას, სასამართლოს უნიშნავს ე.წ. ლიდერს, მაგრამ თან გვეუბნება, რომ მე არ ვაგებ პასუხს ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე, ეკონომიკის მოშლაზე, რომ პატარები შიმშილობენ, რომ ოქროს თაობა გარბის ქვეყნიდან შვილებთან ერთად და სხვა ქვეყნებში ეძებს გადარჩენის გზას, მაგრამ არ იცის, რომ ქართველი ხალხი მას აუცილებლად მოსთხოვს მკაცრად პასუხს მთავარზე, რომ ქვეყნას დააკარგვინა ფუნქცია. ისტორიულად თითქმის ყოველთვის, საქართველო იყო ლიდერი კავკასიასა და რეგიონში, დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველომ ეს ფუნქცია სამართლიანად შეინარჩუნა და განავითარა კიდეც, ჩაატარა რეფორმები და ჩვენ გვაღიარებდა ყველა და გვენდობოდა“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე კემულარიამ.
მისივე შეფასებით, სამწუხაროდ ახლა ასე აღარ არის.
როგორც კემულარიამ აღნიშნა, ფუნქციადაკარგული სახელმწიფო სუსტდება და ადვილად ხელმისაწვდომი ხდება მტრისთვის.
„ხალხნო, ჩვენ უკვე გვემუქრება დამოუკიდებლობის დაკარგვა, მე არაფერს ვაჭარბებ. ყველა სპეციალისტმა იცის, რომ ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვართ სპეცსამსახურების მხრიდან ყველაზე მეტად სახიფათო ქვეყნის, ერთი ქვეყნის და ეს არის რუსეთი, ვინმეს ახსოვს შვიდი წლის განმავლობაში გამოძიებული ან ვინმე დაკავებული საქართველოში? არავის“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.
მისი თქმით, საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს.
„უნდა გამოფხიზლდეთ, ჩვენ გვაერთიანებს მიზნები, რომ აღდგეს საქართველოს, როგორც ლიდერის ფუნქცია, გავაგრძელოთ რეფორმები. პრაქტიკულად, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში პროფესიონალები და დავამარცხოთ კორუფცია და კრიმინალის პარპაში, დავამარცხოთ სიღარიბე და დავაბრუნოთ ქვეყანაში წასული ხალხი. ამისთვის შევიკრიბეთ გულისტკივილით, დარდით, რომ დავაფუძნოთ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“, – განაცხადა მან.
კემულარიას განმარტებით, მოძრაობას არ ეყოლება ერთი ლიდერი და პოლიტიკური საბჭო გაუძღვება. ყრილობა კი, ოქტომბერში იგეგმება.
„ვიცით, რომ ჩვენი მთავარი მტერი და მოწინააღმდეგე იქნება ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ოლიგარქების დრო წავიდა. უკრაინაში ის დაამარცხეს, ვისაც 17 მილიარდი დოლარი და გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა, მშვიდად გაუშვეს სახლში და ჩამოაცილეს ხელისუფლებას“, – განაცხადა კემულარიამ.
მისი თქმით, ახალი მოძრაობის მოკავშირე იქნება ყველა ვინც გადამწყვეტ ბრძოლაში მათთან ერთად დადგება.
„ჩვენ ვიცით მოკავშირეებიც, ყველა, ვინც ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში გაბედავს და იქნება ჩვენთან ერთად. ერთად ჩვენ აუცილებლად შევქმნით გამარჯვებულ საქართველოს“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე კოტე კემულარიამ.
პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი, მსახიობი ნიკა რამიშვილი, იგივე „დრუპი“ და სხვები.