კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუ როუდ გრუპმა“ მერიის შეკვეთის შესრულებისას შეცდომა დაუშვა, რა დროსაც, ასფალტის საფარის პირველი ფენა უშუალოდ ხეების ირგვლივ დააგო. მას მწვანე ნარგავების ასფალტის საფარისგან სასწრაფოდ გათავისუფლების მითითება მიეცა, რაც უმოკლეს ვადებში შესრულდა. აღნიშნულ პროცესში ხეები – როგორც შტამბები, ასევე ფესვები არ დაზიანებულა.
მათვე ინფორმაციით, კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა. ადრე, იქ ავტომობილები პირდაპირ ტროტუარზე ჩერდებოდნენ, რითაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება მოუხერხებელი და საფრთხის შემცველი იყო.
ხეებს შორის არ იყო მწვანე ნარგავები ან გაზონი, ამიტომ ავტომანქანების პარკირების ადგილის ცივილურად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოწყობა ერთი მხრივ, ქვეითთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და მეორე მხრივ, მძღოლების ინტერესებსაც ითვალისწინებს.
საპარკინგე ადგილი გზის დონეზე ეწყობა და იგი ტროტუარისგან ბორდიურით არის გამიჯნული. ქვეითთათვის ძირითად პერიმეტრზე შენარჩუნებულია შვიდი მეტრის სიგანის ტროტუარი, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის გასწვრივ – სამი მეტრის სიგანის. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ხეების ბორდიურებით შემოსაზღვრაა გათვალისწინებული, რაც უკვე შესრულებულია. პარკინგი 45- გრადუსიანი კუთხით განთავსებულ მინიმუმ 43 ავტომობილს დაიტევს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.