კოსტა-რიკაში არჩევნებზე რამდენიმე ქალი სერიალ „მხევლის წიგნის“ პერსონაჟების ფორმით მივიდა
კოსტა-რიკის ქალაქ ერედიაში ქალთა ჯგუფი საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად ტელესერიალ „მხევლის წიგნის“ პერსონაჟების ფორმაში გამოწყობილი მივიდა. ამ ფორმით მათ ქალთა უფლებების დარღვევები გააპროტესტეს.
ქალებს საარჩევნო უბნებზე მოსახლეობა ოვაციებით შეხვდა. მათ არც ხმის მიცემისას შექმნიათ დაბრკოლება. განცხადებაში, რომელიც ქალთა ჯგუფმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ნამდვილი თანასწორობის მისაღწევად და ისინი ხმას საკუთარ უფლებებს, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას აძლევენ.
კონსერვატორი ქრისტიანი კონგრესმენი, რომელიც სექსუალური უმცირესობების მიმართ ნეგატიური განწყობით არის ცნობილი, კოსტა-რიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად მიიჩნევა.
არჩევნებს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი დებატები ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლების შესახებ, რასაც მოწინავე პოლიტიკური ლიდერები საჯარო გამოსვლებში უპირისპირდებოდნენ.
თუ კვირას გამართული ხმის მიცემის შედეგად ვერცერთი კანდიდატი ვერ გადააჭარბებს ხმათა 40%-ს, განმეორებითი ტური აპრილში დაინიშნება.
კოსტა-რიკის 3,3 მილიონი ამომრჩევლიდან უმეტესობა კათოლიკეა და თავს კონსერვატორად მიიჩნევს.