იცეკვე, მაედე, იცეკვე - „მხევლის წიგნი“ აღმოსავლურად
იცეკვე, მაედე, იცეკვე - „მხევლის წიგნი“ აღმოსავლურად

33 წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკაში წითელმოსასხამიანი, სახელწართმეული ქალები გამოჩნდნენ. ისინი მწერალ მარგარეტ ეტვუდის დისტოპიური რომანის, „მხევლის წიგნის“ პერსონაჟები არიან, რომლებიც მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით ქალის ისტორიას ერთ ამბად ყვებიან. რომანი 1985 წელს კანადაში დაიბეჭდა და რამდენიმე თვეში ბესტსელერად იქცა.

ნაწარმოებში აღწერილი ტოტალიტარული რეჟიმი სხვა არაფერია, თუ არა მიწიერი ჯოჯოხეთი ქალებისთვის, სადაც ქალს განათლების, მუშაობის, წიგნის კითხვის, სიყვარულისა და თავისუფლად ჩაცმის უფლება წართმეული აქვს, ზოგ ქალს კი – დედობის უფლება სამუდამოდ ჩამორთეული. რომანში აღწერილი პატრიარქალური სახელმწიფო გილეადი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ იორკის, მასაჩუსეტსის, პენსილვანიის, ნიუ ჯერსის, ვერმონტის, მეინისა და კონექტიკუტის შტატების ტერიტორიაზე მდებარეობს. ასობით ლტოლვილი კანადაში გაიხიზნა, ვინც გაქცევა ვერ მოასწრო, გილეადის ტყვეებად იქცნენ.

მარგარეტ ეტვუდის რომანის „მხევლის წიგნის“ ილუსტრაცია
ქალები რიგში არჩევნებზე ხმის მისაცემად (ირანის ისლამური რესპუბლიკა)
ავღანეთის მოქალაქე ქალები თალიბანის მმართველობის პერიოდში

ეტვუდის „მხევლის წიგნი“ ერთგვარი წინასწარმეტყველებაა. მწერლის მიერ აღწერილი პატრიარქალური ჯოჯოხეთი გილეადი რომანის დაწერიდან 11 წელიწადში ავღანეთში, თალიბანის მმართველობის პერიოდში, მოგვიანებით კი, 2014 წელს, რაყაში თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ მმართველობის დამყარებისას რეალობად იქცა.

რომანის დაწერის იდეა ეტვუდს 1979 წელს ირანის ისლამური რევოლუციის შთაგონებით დაებადა, თუმცა მწერალმა დრო და სივრცე შეცვალა და ტოტალიტარული რეჟიმი ახლო აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გადაიტანა. გილეადში ყველა ქალი უბედურია, მაღალი სოციალური კლასის ქალებიც, განსაკუთრებული სისასტიკე კი მათ ემუქრებათ, ვინც გილეადის მკაცრ კანონს ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირით ან თავისივე სქესთან სასიყვარულო ურთიერთობით დაარღვევს, წიგნს წაიკითხავს ან ქუჩაში აკრძალული სამოსით გავა. რომანის ბოლოს, ერთ-ერთ ეპიზოდად, გილეადთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკაც არის ნახსენები. დღესაც კი, სოციალური მედიისა და Space X-ის არსებობის ეპოქაში, ირანში ქალებს თავისუფალი ჩაცმულობისა და ცეკვის გამო აპატიმრებენ, როგორც ეს მაედე ხოჯაბრის შემთხვევაში მოხდა.

18 წლის მაედე ხოჯაბრი პროფესიონალი ტანმოვარჯიშეა. ის თეირანში ცხოვრობს. დასავლურ ქვეყნებში მცხოვრები მილიონობით მოზარდის მსგავსად, ცეკვა უყვარს, მაედე სოციალურ ქსელ Instagram-ში პერიოდულად ვიდეოებს ტვირთავდა, რომელზეც ჰიჯაბის გარეშე ცეკვავს. მაგრამ მაედეს დაავიწყდა, რომ ასეთი „გართობა“ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კანონით ისჯება. ირანული, ამერიკული და ესპანური ცნობილი ჰიტების ფონზე ჩაწერილი ცეკვის ამსახველი თითოეული კადრი მას პატიმრობად დაუჯდა.

9 ივლისს მაედე ხოჯაბრის ინტერვიუ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაუშვა, სადაც საზოგადოების წინაშე დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მისთვის ცეკვა არავის დაუვალებია, არამედ თავად, საკუთარი ნებით გადაწყვიტა.

„მე არავის დავურიგებივარ, ასე მოვქცეულიყავი, არავის დავალებით არ მიმოქმედია. მე უბრალოდ ტანვარჯიშის ილეთებით ვცეკვავდი. არავის წყენინება არ მდომებია“, – თქვა მაედემ.

ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრში დარწმუნებულები არიან, რომ 18 წლის გოგო აიძულეს, ბოდიში მოეხადა, შემდეგ კი საკანში გადაიყვანეს, სადაც გარკვეული დროის გატარება მოუწევს. ჯერ უცნობია, რამდენ წელს მიუსჯიან მაედეს. კანონი 6-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

19 წლის მაედე ხოჯაბრი

„ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ ხალხს საკუთარი სივრცე აღარ დაუტოვა“, – ამ სიტყვებით შეაფასა ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა ჰადი გაემმა 18 წლის გოგოს დაპატიმრება. მან ინტერვიუ ბრიტანულ მედიას მისცა.

ბოლო წლებში Instagram-ზე მაედე ხოჯაბრიმ 300-მდე ვიდეო ატვირთა. პირველივე ვიდეოებმა მას ათასობით მიმდევარი შესძინა, დღესდღეობით კი ირანელ გოგოს სოციალურ ქსელში 93 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ხოჯაბრი ვიდეოებს საკუთარ ოთახში წერდა. პატარა ოთახის წითლად შეღებილი ოთხი კედელი მისთვის ერთადერთი თავისუფალი სივრცეა, სადაც ჰიჯაბის მოხსნა და ცეკვა შეუძლია, სადაც შარიათი არ მოქმედებს და ტოტალიტარული სისტემის სიმკაცრე ვერ აღწევს.

მიუხედავად შიშისა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 39 წელია, არსებობს, პროტესტი 18 წლის გოგოს დაპატიმრებას მაინც მოჰყვა. ათობით ირანელმა გოგონამ მაედესადმი სოლიდარობის ნიშნად ცეკვის ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოაქვეყნა, თუმცა მათი ცეკვა ისეთი „თამამი“ არ ყოფილა, როგორც მაედესი. მათ ჰიჯაბები არ მოუხსნიათ, – მათ იციან, რომ ირანში ჰიჯაბის მოხსნა სასჯელის ტოლფასია.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ მეგაპოლისში მცხოვრები ლაილა მ. თეირანიდან 20 წლის წინ გაიქცა. პირველ არხთან საუბარში მან ევინის ციხეში გატარებული თვეები გაიხსენა, – წამებისა და დამცირების ფაქტები, რომელიც კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ირანელ ქალებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელოდებათ.

„ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ევინის ციხეში ადამიანებს ელექტრომავთულებით აწამებდნენ და როზგავდნენ. მე საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი, რაც ახლა თავადაც არ მჯერა“, – თქვა მან.

ლაილას ორი საყვარელი მწერალი ჰყავს – კანადელი პროზაიკოსი მარგარეტ ეტვუდი და ირანელი პოეტი ფორუყ ფაროხზადი. იგი დარწმუნებულია, რომ ყოველი ირანელი ქალი „მხევლის წიგნის“ პერსონაჟია, თუმცა მათი ისტორიები რეალურია და არა გამოგონილი.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული სისტემა მთლიანად დაშინებაზეა აგებული. რეჟიმის მიზანია, აკონტროლოს ქალის ცხოვრება – ჩაცმულობა, ქცევა, ცხოვრების სტილი. თუმცა, მთავარი მიზანი მაინც ღირსების შელახვაა. მაედეს დაჭერა ცეკვის გამო ყველა ქალისთვის გზავნილი იყო, – შეხსენება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ირანელი ქალი მათ ეკუთვის. სინამდვილეში ასე არ არის, რადგან ისინი უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ირანის მთავრობას ჰგონია“, – თქვა ლაილამ.

იგი 19 წლის ასაკში თეირანში რამდენიმე სტუდენტთან ერთად დააპატიმრეს. ციხეში 11 თვე გაატარა. ლაილა მიიჩნევს, რომ აჰმადინეჯადის მმართველობის შემდეგ, დღეს ახალგაზრდა ირანელები თავს შედარებით თავისუფლად გრძნობენ, ვიდრე წარსულში, თუმცა წინააღმდეგობა რეჟიმისადმი მაინც სუსტია. უსაფრთხოების მიზნით, ლაილას ურჩევნია, რომ მისი გვარი და საცხოვრებელი ქალაქი საიდუმლოდ დარჩეს, რადგან შიშობს, რომ ირანის სადაზვერვო სამსახური ყველგან მიაგნებს.

„ირანის რევოლუციის გუშაგთა საბჭოს სძულს წინააღმდეგობა. მინდა, რომ ირანი გათავისუფლდეს; მინდა, რომ მაედესნაირმა გოგოებმა ქუჩაში თავისუფლად იცეკვონ!“ – ამბობს ლაილა.