ვახტანგ მახარობლიშვილმა კოსტა-რიკელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ვახტანგ მახარობლიშვილმა კოსტა-რიკელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ლათინური ამერიკის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კოსტა-რიკის რესპუბლიკას ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 აპრილს, მინისტრის მოადგილე შეხვდა კოსტა-რიკელ კოლეგას, ლორენა​ აგილარ რეველოს, ასევე კოსტა-რიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრს, დიალა ხიმენეს ფიგერეს, კოსტა-რიკის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, რონალდო კასტრო კორდობასა და საკანონმდებლო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომისიის პრეზიდენტს, ვოლტერ მუნიოს.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კოსტა-რიკას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე, განათლებისა და კულტურის კუთხით არსებული თანამშრომლობა და ამ მიმართულებებით კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილმა თავის კოსტა-რიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განისაზღვრა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები სავაჭრო-ეკონომიკურ, მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროებში. შეხვედრის დასასრულს მანუელ ვენტურა რობლესმა და ვახტანგ მახარობლიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს , რომელიც გაფორმდა მანუელ მარია პერალტას სახელობის დიპლომატიურ ინსტიტუტსა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის.