კოსმოსურმა აპარატმა მარსის მთვარეს ახლოდან გადაუფრინა და მის წიაღშიც შეიხედა — #1tvმეცნიერება
კოსმოსურმა აპარატმა მარსის მთვარეს ახლოდან გადაუფრინა და მის წიაღშიც შეიხედა — #1tvმეცნიერება

მარსის ბუნებრივი თანამგზავრების წარმოშობის დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნასთან ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო ახლოს არის.

კოსმოსური ზონდი მარსის ორი მთვარიდან უფრო დიდს რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა და მისი წიაღის შესახებ მონაცემები შეაგროვა.

„უცნობია, მარსის ორი პატარა მთვარე ჩაჭერილი ასტეროიდებია თუ შეჯახების შედეგად მარსიდან ამოტყორცნილი მატერიისგან წარმოქმნილი. იერსახე მიუთითებს, რომ ისინი ასტეროიდები იყვნენ, მაგრამ მათი ორბიტა აშკარად სხვა რამეზე მიუთითებს“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონომი კოლინ უილსონი.

ფობოსი, რომელსაც ძველბერძნული მითოლოგიის შიშისა და პანიკის ღმერთის სახელი უწოდეს, ორ მთვარეს შორის უდიდესია; მისი სიგანე 22,2 კილომეტრია და მარსის გარშემო ზედაპირიდან დაახლოებით 6000 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობს.

მეორე მთვარეს, დეიმოსს სახელი ბერძნულ მითოლოგიაში შიშისა და ტერორის ღმერთის სახელი უწოდეს და მისი დიამეტრი სულ რაღაც 12,6 კილომეტრია. მარსის გარშემო ის უფრო შორიდან, ზედაპირიდან დაახლოებით 20 000 კმ სიმაღლეზე მოძრაობს.

ფობოსი
ფობოსი

ორივე მათგანი ფრიად განსაკუთრებული ობიექტია და არანაირად არ ჰგვანან დედამიწის მთვარეს. საინტერესო განსხვავებებია თავად ამ ორ სხეულს შორისაც.

დეიმოსი მარსს შორდება და ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება გაექცეს კიდეც, ფობოსი კი წითელ წელიწადში 1,8 სანტიმეტრით პლანეტას უახლოვდება და საბოლოოდ, შემდეგ 100 მილიონ წელიწადში, ის შეიძლება დაიშალოს და მისი მასალით მარსის გარშემო რგოლი წარმოიქმნას.

ასევე უცნობია, საიდან მოვიდნენ ისინი. მრავალი მტკიცებულების მიხედვით, ჩვენი მთვარე გიგანტური შეჯახების შედეგად დედამიწიდან ატყორცნილი მასალით წარმოიქმნა, მაგრამ მილიონობით კილომეტრის მანძილზე მდებარე მარსისა და მისი მთვარეების შესწავლა ასე ადვილი არ არის.

შემადგენლობით ფობოსი და დეიმოსი საკმაოდ ერთნაირია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შეიძლება ერთი წყაროდან იყვნენ მოსული; ამას გარდა, შემადგენლობით ისინი ასევე ჰგვანან ასტეროიდთა ჯგუფს. მათი ორბიტები თითქმის წრიულია და მოთავსებულია მარსის ეკვატორთან საკმაოდ ახლოს — ეს მახასიათებელი ჩაჭერილ ასტეროიდთათვის ჩვეული არ არის.

დეიმოსი
დეიმოსი

პასუხის ძებნის ერთი გზაა იმის გარკვევა, თუ რა იმალება ამ მთვარეების ზედაპირს მიღმა, წიაღში. ამიტომ, ESA-მ მარსის ორბიტაზე მოძრავ საკუთარ თანამგზავრს, Mars Express-ს ფობოსის თავზე გადაფრენა დაავალა, რომელიც ამ კარტოფილის მსგავს ობიექტს 83 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა.

„არ ვიცოდით, ეს თუ შესაძლებელი იქნებოდა. ჯგუფმა პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი გატესტა. საბოლოო, წარმატებული ვარიანტები კი ხომალდში გადაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ატვირთა“, — ამბობს Mars Express-ის ფრენის მაკონტროლებელი საიმონ ვუდი.

გადაფრენა სექტემბრის ბოლოს შესრულდა. მიზანი იყო რადარულ ინსტრუმენტ MARSIS-ით ფობოსის წიაღის კვლევა.

ეს რადარული ინსტრუმენტი დაბალი სიხშირის რადიოტალღებს მარსისკენ გზავნის. ის, თუ როგორ აირეკლავს ამ ტალღებს მარსის ზედაპირქვეშ არსებული სხვადასხვა მასალები, მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ, რა შეიძლება იყოს იქ.

სწორედ ასეთი კვლევების საფუძველზე მიიჩნიეს მეცნიერებმა, რომ მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულის ქუდის ქვეშ შეიძლება თხევადი წყლის ტბები იმალებოდეს. ამჯერად, ამ ინსტრუმენტით ფობოსის წიაღის საიდუმლოთა ამოხსნა სცადეს.

„ანალიზების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ, მაგრამ ფობოსის ზედაპირქვეშ უკვე ვნახეთ აქამდე უცნობ წარმონაქმნთა შესაძლო ნიშნები. აღფრთოვანებულები ვართ, რომ ინსტრუმენტმა MARSIS-მა შეიძლება საბოლოოდ ამოხსნას ფობოსის წარმოშობის საიდუმლო“, — ამბობს იტალიის ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ასტრონომი ანდრეა ჩიჩეტი. სწორედ ეს ორგანიზაცია ამუშავებს MARSIS-ს.

მომდევნო რამდენიმე წელიწადში, Mars Express-ი ფობოსს კიდევ უფრო ახლოდან გადაუფრენს. 2023-დან 2025 წლამდე, ხომალდი ამ პატარა მთვარეს 40 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება. შედეგად, შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება მისი წიაღის სტრუქტურის შესახებ.

გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა კოსმოსური სააგენტო თანამშრომლობს მისია Martian Moons eXploration-ის განხორციელების თაობაზე. ამ ამბიციური პროექტის მიზანია ზონდის გაგზავნა ფობოსსა და დეიმოსზე, მათი დეტალურად შესწავლა, ნიმუშების აღება და დედამიწაზე ჩამოტანა.

საბოლოოდ ალბათ სწორედ მაშინ გაირკვევა ამ ორი ციცქნა მთვარის წარმოშობის ამბავი.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.