იაპონია მარსის თანამგზავრ ფობოსზე ხომალდს გზავნის
იაპონია მარსის თანამგზავრ ფობოსზე ხომალდს გზავნის

მარსის ბუნებრივ თანამგზავრებზე ხომალდის გაგზავნა ასტრონომებს დიდი ხანია სურთ. უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ასეთ მისიაზე მუშაობს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ჯგუფი.

JAXA-ს ცნობით, მარსის მთვარის კვლევის მისიას (MMX) მწვანე შუქი აქვს ანთებული და ითვალისწინებს 2024 წელს ორბიტერის, სტაციონარული ხომალდისა და შესაძლოა, მავალის გაგზავნასაც, თანაც, ნიმუშების უკან ჩამოტანის პერსპექტივით.

გასული სამი წლის განმავლობაში, ჯგუფი პოტენციური მისიის ანალიზებსა და ხომალდის დიზაინის გაუმჯობესებაზე მუშაობდა. ახლახან, მისია უკვე განვითარების ფაზაში გადავიდა, რომლის ფარგლებშიც იქმნება მისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა.

მისია დაეფუძნება JAXA-ს წარმატებულ მისიებს, რომლებიც პატარა სხეულებზე ხომალდის დასმას და ნიმუშების უკან ჩამოტანას გულისხმობს. მათ შორის არის 2005 წელს ხომალდ „ჰაიაბუსას“ დასმა ასტეროიდ იტოკავაზე, ნიმუშების წარმატებით აღება და 2010 წელს დედამიწაზე ჩამოტანა.

შემდეგია ხომალდი „ჰაიაბუსა 2“, რომელიც 2019 წელს შორეულ ასტეროიდ რიუგუზე დაჯდა, ნიმუშები შეაგროვა და დედამიწაზე 2020 წლის ბოლოს ჩამოიტანს.

მარსის მთვარეების მისია მოიცავს სხვადასხვა ინსტრუმენტით აღჭურვილ ორბიტერს, რომელმაც სამი წლის განმავლობაში უნდა შეისწავლოს მარსის ორი მთვარე — ფობოსი და დეიმოსი.

ამის შემდეგ, ხომალდი ფობოსზე დაეშვება, სავარაუდოდ გადასვამს მავალს, რომელიც ზედაპირს გაბურღავს და ქანების ნიმუშს აიღებს. სპეციალურმა მოდულმა ფობოსზე აღებული ნიმუშები 2029 წლის სექტემბერში დედამიწაზე უნდა ჩამოიტანოს.

ფობოსისა და დეიმოსის კვლევა დიდად წაადგება თავად მარსის კვლევასაც. ეს ორი თანამგზავრი მომავალში ადამიანთა შესაძლო ბაზად მიიჩნევა, საიდანაც მარსზე დაშვება გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე ხომალდის პირდაპირ დასმა, განსაკუთრებით, პირველი მისიებისათვის.

იაპონური ჯგუფის განცხადებით, მათი მისია შეამოწმებს მარსის გრავიტაციაში შესვლისა და იქიდან გამოსვლისთვის საჭირო ტექნოლოგიებს, დაბალი გრავიტაციის მქონე სხეულებზე დაჯდომასა და ნავიგაციას.

მისია ასევე გაზომავს რადიაციულ გარემოს, რაც ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლებაა ადამიანთა მოგზაურობაში დედამიწის დამცავი მაგნიტოსფეროს მიღმა.

როგორც მისიის ვებგვერდზე წერია, ხომალდი ფობოსზე რამდენიმე საათს დარჩება, შეაგროვებს ქანების დაახლოებით 10 გრამ ნიმუშს, რომელსაც ზედაპირიდან 2 სმ სიღრმიდან აიღებს. ამის შემდეგ, ხომალდი მარსის სისტემას დატოვებს და ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოიტანს.

პროექტის ღირებულება 417 მილიონი ამერიკული დოლარია.

მისია საერთაშორისო იქნება; აღიჭურვება 11 ინსტრუმენტით, რომელთაგან ოთხი, პარტნიორების საკუთრება იქნება; მათ შორის არიან NASA (აშშ), ESA (ევროპა), CNES (საფრანგეთი) და DLR (გერმანია).

დანარჩენ ისნტრუმენტებს იაპონიის კოსმოსური სააგენტო შექმნის – ვიწრო კუთხის კამერას ზედაპირის დეტალური ფოტოებისთვის, ფართო კუთხის კამერას ჰიდრატირებული მინერალებისა და ორგანული ნივთიერებების გამოსავლენად, LIDAR ლაზერს, მტვრის მონიტორინგისა და მასის სპექტრის ანალიზატორს, ნიმუშების ამღებ მოწყობილობასა და დედამიწაზე დასაბრუნებელ კაფსულას, რადიაციული მონიტორინგის ისნტრუმენტს.

ნასას ინსტრუმენტები იქნება გამა გამოსხივებისა და ნეიტრონების სპექტრომეტრი, რომლებიც მარსის მთვარეების შემადგენლობას შეისწავლის და ნიმუშების ასაღები პნევმატური მოწყობილობა.

საფრანგეთის ეროვნული კოსმოსური ცენტრი (CNES) შექმნის ინფრაწითელ სპექტრომეტრს, რომელიც შეისწავლის მინერალურ შემადგენლობას; გარდა ამისა, გერმანიის აეროკოსმოსურ ცენტრთან (DLR) ერთად შექმნის მავალს, რომელიც ფობოსის ზედაპირს შეისწავლის. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) კი მისიას ღრმა კოსმოსური საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურავს.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.

დატოვე კომენტარი