კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა რეკორდული სიჩქარით დაიწყო. აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის უსაფრთხოების ტესტირების პირველი ფაზის ფარგლებში, საცდელი ვაქცინა პირველ მოხალისეებს უკვე გაუკეთეს ქალაქ სიეტლში. სულ მალე დაიწყება კორონავირუსის სხვა ვაქცინების მსგავსი ცდებიც.
ამ ყველაფრის პარალელურად, ჩნდება ღიად კითხვები — როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსს და რამდენად უსაფრთხოდ გამოიწვევს ასეთივე იმუნურ პასუხს ვაქცინა. პასუხები შეიძლება მალე მივიღოთ ინფიცირებულ ადამიანთა და მოდელი ცხოველების კვლევებიდან, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ინფორმაციის ნაკლებობა ადამიანებში უსაფრთხოების ტესტების ჩატარების დასაწყებად ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა გახდეს. ზოგიერთი კი შიშობს, რომ ვაქცინების კანდიდატებზე დაჩქარებული მუშაობის გამო, შეიძლება ისინი არაეფექტიანი ან საერთოდ სახიფათო აღმოჩნდეს, რის გამოც, მეცნიერებს უკან დაბრუნება მოუწიოთ და ეფექტიანი ვაქცინის შექმნა დროში კიდევ უფრო გაიწელოს.
წარმოგიდგენთ ამჟამად არსებულ ხუთ მთავარ შეკითხვას, რომლებსაც მეცნიერთა აზრით პასუხი უნდა გაეცეს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად.
უვითარდებათ თუ არა ადამიანებს იმუნიტეტი?
ვაქცინა ადამიანს ინფექციის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის გამომუშავებაში ეხმარება იქამდე, ვიდრე ის პათოგენს შეხვდება. სხვა კორონავირუსების კვლევები, მათ შორის იმ ოთხის შესწავლა, რომლებიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევენ, მკვლევართა უმეტესობას აფიქრებინებს, რომ ადამიანები, რომლებიც SARS-CoV-2 ვირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდნენ, ამ ინფექციისგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაცული იქნებიან. თუმცა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვირუსული იმუნოლოგის, მაიკლ დაიამონდის განცხადებით, ამ მოსაზრებას მტკიცებულება სჭირდება. „ამ ვირუსისადმი იმუნურობის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით“, ამბობს იგი.
14 მარტს ჩინელ მკვლევართა მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, შესწავლილია ორი რეზუსი მაკაკა (Macaca mulatta), რომლებიც საშუალო სიმძიმის COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდნენ. ვირუსთან პირველი ექსპოზიციიდან ოთხი კვირის შემდეგ, როდესაც მეცნიერებმა მათი ექსპოზიცია კვლავ მოახდინეს, მაკაკები ხელახლა აღარ დაინფიცირდნენ. მკვლევრები ეძებენ მტკიცებულებას, რომ ასეთივე იქნება ადამიანის რეაქციაც, რისთვისაც საჭიროა ადამიანთა შესწავლა ვირუსთან მრავალჯერადი ექსპოზიციის გზით.
თუ ადამიანი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, რამდენ ხანს გასტანს ის?
ეს კიდევ ერთი დიდი უცნობი დეტალია. იმუნიტეტი საკმაოდ ცოტა ხანს სძლებს ჩეულებრივი გაციების გამომწვევი კორონავირუსების წინააღმდეგ; აიოვის უნივერსიტეტის კორონავირუსოლოგის, სტენლი პერლმენის განცხადებით, ის ადამიანებიც კი კვლავ ინფიცირდებიან, ვისაც ამ ვირუსთა საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალი დონე აქვთ.
მტკიცებულება უფრო საორჭოფოა ეპიდემიების გამომწვევი სხვა ორი კორონავირუსის შემთხვევაში — მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS). პერლმენის განცხადებით, მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები MERS-ისგან გამოჯანმრთელდნენ, მათ სხეულში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები საგრძნობლად შემცირდა. მისივე თქმით, მის ჯგუფს შეგროვებული აქვს მონაცემები (ჯერ არ გამოუქვეყნებიათ), რომლებშიც ჩანს, რომ SARS-ის ანტისხეულები ორგანიზმში ინფექციიდან 15 წლის შემდეგაც არის შენარჩუნებული. თუმცა უცნობია, არის თუ არა ეს იმუნური პასუხი საკმარისი ინფექციის პრევენციისათვის. „არ გვაქვს კარგი მტკიცებულება ხანგრძლივი იმუნურობის შესახებ, ამავე დროს არ გვაქვს კარგი მონაცემები SARS-ისა and MERS-ის შესახებ“, ამბობს იგი.
რა სახის იმუნური პასუხი უნდა ეძებონ ვაქცინაზე მუშაობისას?
რამდენიმე დღის წინ ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინის კლინიკური ცდების პირველი ფაზა დაიწყო, რომელიც უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული. ამავე დროს, მკვლევრები დეტალურად დააკვირდებიან ვაქცინის მიერ აღძრული იმუნური პასუხის ბუნებას.
Moderna-ს ვაქცინა შედგება რნმ-ის მოლეკულებისგან. შექმნის პროცესში მყოფი SARS-CoV-2-ის სხვა ვაქცინების მსგავსად, მისი დანიშნულებაა იმუნური სისტემა გაწვრთნას იმ ანტისხეულების გამომუშავებაში, რომლებიც ცნობენ და ბლოკავენ ვირუსის წვეტ ცილებს — მახასიათებლებს, რომლებსაც ვირუსი ადამიანის უჯრედში შესაღწევად იყენებს.
SARS-CoV-2-ის წარმატებულმა ვაქცინამ შეიძლება სხეული აიძულოს, გამოიმუშაოს ვირუსული ცილების დამბლოკავი ანტისხეულები ან T-ლიმფოციტები,რომლებიც ცნობენ და კლავენ ინფიცირებულ უჯრედებს.
როგორ გავიგებთ, არის თუ არა ვაქცინა ეფექტიანი?
როგორც წესი, ვაქცინის გამოცდა ადამიანზე მაშინ იწყება, როცა გაივლის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ტესტებს ცხოველებზე. თუმცა, Moderna და კიდევ ერთი კომპანია, Inovio Pharmaceuticals-ი თავიანთ ვაქცინებს ცხოველებზე ადამიანების პარალელურად ტესტავენ. ადამიანებზე ცდების პირველი ფაზის დაწყებას Inovio აპრილში აპირებს.
„არასაგანგებო სიტუაციაში, ეს ყველაფერი მთელი სერიების გზით ხდება, მაგრამ დღეს, ამ მდგომარეობაში, ბევრი რამ ერთმანეთის პარალელურად მიდის“, — ამბობს აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ვაქცინების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე ბერნი გრაჰამი. Moderna-ს ვაქცინას სწორედ NIH-ი ასპონსორებს.
2 მარტს, არარეცენზირებულ კვლევაში მეცნიერები იუწყებოდნენ, რომ თაგვებს და ზღვის გოჭებს გაუკეთეს Inovio-ს ვაქცინა, რომელიც წვეტი ცილების დასამზადებლად ინფორმაციას დნმ-ის მოლეკულებით ატარებს. აღმოჩნდა, რომ ცხოველებმა გამოიმუშავეს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც და T-ლიმფოციტებიც. კვლევის ავტორის, Inovio-ს ვიცე პრეზიდენტ ქეით ბროდერიკის განცხადებით, მათმა ჯგუფმა ვაქცინა ახლა მაიმუნებს გაუკეთა და მალე დაიწყება კვლევები, რომელთა დროსაც ვაქცინირებულ ცხოველებს ვირუსით დააინფიცირებენ, რათა გაიგონ, არიან თუ არა ისინი დაცული. გრაჰამის თქმით, ასეთი ცდები მიმდინარეობს Moderna-ს ვაქცინის შემთხვევაშიც.
მისი განცხადებით, ადამიანებში ასეთი ფართომასშტაბიანი კვლევები ვერ ჩატარდება ცხოველების მონაცემების გარეშე. დაიამონდი კი ელოდება, რომ მკვლევრები ინფექციის შესახებ ბევრს შეიტყობენ როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა კვლევებიდან, რაც უკეთესად გაარკვევს, რომელი ვაქცინაა საუკეთესო.
იქნება თუ არა უსაფრთხო?
იმის გამო, რომ ვაქცინებს როგორც წესი ძალიან დიდი ოდენობით ჯანმრთელი ადამიანი მოიხმარს, მათი უსაფრთხოების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე იმ წამლების შემთხვევაში, რომლებსაც უკვე ავადმყოფ ადამიანებს ასმევენ. SARS-CoV-2-ის ვაქცინის შემთხვევაში, მკვლევართა მთავარი საზრუნავი უსაფრთხოების მხრივ, არის თავიდან აიცილონ ფენომენი, რომელსაც დაავადების გაძლიერება ეწოდება; ამ დროს, ვაქცინირებულ ადამიანებს ინფიცირების შემთხვევაში დაავადება უფრო მწვავედ უვითარდებათ, ვიდრე არავაქცინირებულებს. 2004 წელს, SARS-ის ექსპერიმენტული ვაქცინის კვლევისას, ვაქცინირებულ ქრცვინებს (Mustela putorius furo) ვირუსით ინფიცირების შემდეგ ღვიძლში განუვითარდათ სახიფათო ანთება.
ჰიუსტონის მედიცინის კოლეჯის ვაქცინების მეცნიერი პიტერ ჰოტესი ფიქრობს, რომ ადამიანებზე ცდების დაწყებამდე, პოტენციური ვაქცინა პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაიტესტოს ცხოველებზე, რათა გამოირიცხოს დაავადების გაძლიერება. მისი თქმით, აცნობიერებს, რომ SARS-CoV-2-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა საჩქაროა, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ვაქცინამ დაავადება გააძლიეროს.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ვაქცინების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე ბერნი გრაჰამის განცხადებით, NIH-ი ადამიანთა ფართომასშტაბიან კვლევებზე მხოლოდ მას შემდეგ გადავა, რაც დადასტურდება მისი უსაფრთხოება. მისი თქმით, გაძლიერების რისკი დაბალია და უფრო მეტად სარისკოა მასზე მუშაობის დროში გაწელვა; მას გრაჰამს იმედი აქვს, რომ ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინა მომავალი ზამთრის სეზონისთვის გვექნება.
მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.