ფოთის ბაზარში რკინის ფულს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ, ქაღალდის ფულს კი აუთოებენ
ფოთის ბაზარში შემსვლელი ყველა მოქალაქე ბაზრის შესასვლელ კართან თავის ფულს აძლევს პირს, რომელიც რკინის ფულს ანტისეპტიკურ ხსნარში ამუშავებს, ხოლო ქაღალდის ფულს აუთოებს და მფლობელს ისე უბრუნებს.
ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი, მათ ურიგდებათ ხელთათმანებიც.
„ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას. პროდუქტის შეძენისას, რეალიზატორები მოქალაქეებს უბრუნებენ ფულს, რომელიც დამუშავებულია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
მივმართავთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან გარე ტერიტორიაზე და ეწევიან გარე ვაჭრობას. შემოვიდნენ ბაზრის ტერიტორიაზე, აქ უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული. ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენ მათ შევუწყობთ ხელს და ამისათვის ქირას არ გადავახდევინებთ“,- განაცხადა ბაზრის დირექტორმა, ნოდარ კორსანტიამ.