ფოთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ფოთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღებში მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. აღსაზრდელებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი ამოცანაა. ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში მივიღოთ“, – აღნიშნა ფოთის მერმა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად განხორციელდება. ვირუსის საპრევენციოდ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.