კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მაუწყებლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის განმარტებას აკეთებს
კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მაუწყებლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის განმარტებას აკეთებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მაუწყებლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომისია ყოველი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის დაწყებამდე, აძლევს განმარტებას მაუწყებლებს, ატყობინებს მათ მონიტორინგის დაწყების შესახებ და კომპანიებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვას სთხოვს.

კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებისა და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ორი საკითხის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი: აქვს თუ არა უფლება მაუწყებელს ეთერში განათავსოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არარეგისტრირებული კანდიდატის რეკლამა და უნდა გადაამოწმოს თუ არა მაუწყებელმა დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის სანდოობა და შედეგების ობიექტურობა.

„აღნიშნულ საკითხებზე კომისიამ ყველა დაინტერესებულ მედია ორგანიზაციასა და პოლიტიკურ პარტიას, მათ მიერ კომისიაში შემოსულ წერილებზე უპასუხა. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გვინდა განვუმარტოთ მხარეებს, წინასაარჩევნო პერიოდში მათი კანონისმიერი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. პირველი საკითხი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ეხება, რომლის მიმართაც მაუწყებლებსა და პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ხოლო კანონი ცალსახად განსაზღვრავს მაუწყებლების ვალდებულებებს და პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების უფლებებს.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებს და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესებს, რომელთა მიზანია პოლიტიკური პარტიის გავლენისგან მაუწყებლის დაცვისა და ამასთანავე, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომისიის განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, პოლიტური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. ამავე კანონის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით, ასევე, საარჩევნო სუბიექტი არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულია განათავსოს იმ  საარჩევნო სუბიექტის უფასო/ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„კიდევ ერთი თემა საარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების საკითხს ეხება. აღნიშნული საკითხი კომისიამ დღის წესრიგში 2016 წელს დააყენა, როდესაც 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგის დროს გამოიკვეთა ხარვეზები.   კერძოდ,  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მისი გამოქვეყნების მიმართ მოთხოვნებს, რომელთა დაცვა ეკისრება მაუწყებლებს და სხვა ელექტრონულ და ბეჭდვით მედიას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა, რომ მაუწყებლები არ იცავდნენ აღნიშნულ მოთხოვნებს, კანონის განსხვავებულად ინტერპრეტაციისა და აღქმის გამო.

მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება“, – აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში.

ამასთან, უწყების განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ კანონი ცალსახად ანიჭებს მაუწყებელს უფლებამოსილებას, მის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე, პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მიანიჭოს, მაუწყებელი ვალდებულია დაკვეთილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობა და შედეგების ობიექტურობა გადაამოწმოს.

„ამავე კანონის 51-ე მუხლის  მე-11 ბ) ქვეპუნქტის მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ  და  მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კომისია აღნიშნულ საკითხს დღის წესრიგში 2016 წლიდან აყენებს და მას შემდეგ ყოველი არჩევნების წინ უგზავნის წერილს მაუწყებლებს. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნული წერილი მაუწყებლებს  2018 წლის 8 აგვისტოს დაეგზავნათ. გაუგებარი მიზეზების გამო, აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები 8 სექტემბერს გამოითქვა, მაშინ, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჯერ კიდევ ორი წლის წინ საუბრობდა და კონსულტაციებსა და შეხვედრებს მართავდა, როგორც მაუწყებლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ განვრცელებულ ინფორმაციაში.