პოლონეთში აცხადებენ, რომ ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე დგას
პოლონეთი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე დგას. ამის შესახებ პოლონეთის ციფრულ საკითხთა მინისტრმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.
პოლონეთში ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინ. ეს ხორციელდება დეზინფორმაციის გავრცელებით პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ჰიბრიდულ თავდასხმებთან ერთად, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების პარალიზების მიზნით“, – განაცხადა მინისტრმა თავდაცვით კონფერენციაზე.
კშიშტოფ გავკოვსკის თქმით, თავდასხმების სამიზნე არის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კომპანიები, ელექტროსადგურები და სახელმწიფო ადმინისტრაციის ორგანოები. მისი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, პოლონეთში კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით რუსეთის აქტიურობის დონე გაორმაგდა.
„დღეს პოლონეთში, ჩემი სიტყვით გამოსვლის თითოეულ წუთს, დაფიქსირდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ათამდე ინციდენტი“, – განაცხადა გავკოვსკიმ.
მარტში პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ქვეყნის კოსმოსურ სააგენტოზე. რუსეთი უარყოფს უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარების ბრალდებებს, მათ შორის რუმინეთში არჩევნების გაუქმებულ შედეგებთან რამე კავშირს.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს არის დაგეგმილი.