ალექსანდრ ვუჩიჩი - არ მაქვს უფლება, პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი ისევ ვიყარო, კონსტიტუციის შეცვლა აზრადაც არ მომსვლია, რომ ძალაუფლება შევინარჩუნო, მე დიქტატორი არ ვარ
ალექსანდრ ვუჩიჩი - არ მაქვს უფლება, პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი ისევ ვიყარო, კონსტიტუციის შეცვლა აზრადაც არ მომსვლია, რომ ძალაუფლება შევინარჩუნო, მე დიქტატორი არ ვარ

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ​ვუჩიჩის თქმით, მას კანონით არ აქვს უფლება, ისევ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით კონსტიტუციის შეცვლა „აზრადაც არ მოსვლია“.

ამასთან, ვუჩიჩის თქმით, არჩევნები კანონით დადგენილ ვადამდე დაინიშნება.

„საბედნიეროდ, არჩევნების დანიშვნაზე პასუხისმგებელი არიან არა ავსტრიელი ჟურნალისტები, არამედ სერბული ინსტიტუტები, რომლებიც არჩევნებს კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად დანიშნავენ, სავარაუდოდ, კანონით დადგენილ ვადამდე. ვნახოთ, რას იტყვის ხალხი. მე პოლიტიკური ვეტერანი ვარ და არ მაქვს უფლება, პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი ისევ ვიყარო. კონსტიტუციის შეცვლა აზრადაც კი არ მომსვლია, რომ ძალაუფლება შევინარჩუნო. მე დიქტატორი არ ვარ, როგორც ხშირად მიწოდებენ ავსტრიულ მედიაში. ჩემი საპრეზიდენტო კარიერა წელიწად-ნახევარში დასრულდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ვამაყობ ყველაფრით, რაც ავაშენეთ. დავეხმარები და ვიბრძოლებ მათთვის, ვისაც, ჩემი აზრით, შეუძლია, მომავალში სერბეთს გაუძღვეს, რათა მათ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ – დიახ, ამას აუცილებლად გავაკეთებ“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

როგორც მედია წერს, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, 28 დეკემბერს ჩატარდეს.