კომპანია „ხიმიჯ სერვის ორის“ ადვოკატი - პასუხისმგებლობის ხაზი გადის კომპანიის დირექტორზე, თუმცა ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია
კომპანია „ხიმიჯ სერვის ორის“ ადვოკატი - პასუხისმგებლობის ხაზი გადის კომპანიის დირექტორზე, თუმცა ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში კომპანია „ტრანსმშენის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „ხიმიჯ სერვის ორის“ დირექტორის, ოთარ ცნობილაძის გამოკითხვა დასრულდა.

კომპანიის ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, გამოიკვეთა, რომ შემთხვევის ადგილზე გამაგრებითი სამუშაოები არასაკმარისი იყო, თუმცა მისივე თქმით, არსებობს მომატებული რისკების ობიექტები და ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია.

„ცხადია, შეკითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ცალსახა იყო. ზოგადად გუშინდელი ჩვენებები დაზუსტდა. რა თქმა უნდა, ხარვეზებზე, რაც გამოიკვეთა წარმოების პროცესში, დირექტორის მიერ ყოველგვარი ახსნა-განმარტება მოხდა. საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით ვერავის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჯერ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოიკვეთა „შავი ხვრელი“, რაც პრინციპში კატალიზატორი გახდა ამ უბედური შემთხვევის. ეს არის ზოგადად გამაგრებითი სამუშაოების არასაკმარსობა, რასაც მთლიანობაში მეტი უზრუნველყოფა ესაჭიროებოდა. იყო ნაწილობრივ დაცული უსაფრთხოება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სწორი გათვლები არ იყო და ვერ გაუძლო ამ სპეციალურმა შემაკავებელმა ხიმინჯებმა. შრომის ინსპექტორები ძალიან ფართოდ უყურებენ ამ პრობლემატიკას. ყველაფრის წინასწარ გათვლა არის გამორიცხული და ამაზე აპელირება უბრალოდ არაპროფესიონალურია, რადგან არ შეიძლება, გათვლილი იყოს ყველაფერი. იმიტომ არსებობს მომატებული რისკების ორგანიზაციები, რომ ყველაფერს ვერ გათვლი. მუშები აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით ინფორმირებულები იყვნენ. 80-სანტიმეტრიან ორმოში რომ ჩადიხარ, ვფიქრობ, ნათელი უნდა იყოს არსებული რისკები“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

მისივე თქმით, კომპანიას უამრავი სამუშაო შეუსრულებია და ამ დრომდე მინიმალური მარცხიც კი არ მომხდარა, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, ამ შემთხვევასი პასუხისმგებლობის ხაზი მაინც კომპანიის დირექტორზე გადის.

„ახლა ნამდვილად უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ძირითადი კითხვა სამართალდამცავების მხრიდან მიმართული იყო მიწის შემაკავებელ სპეციალურ ჯებირზე, რომელიც რეალურად არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაუძლო მიწის დაწოლას. როგორც ვვარაუდობთ, წინა დღეებში ნალექი მოვიდა და ამ ნალექმა შესაძლებელია, გამორეცხა. აქედან გამომდინარე, ვეღარ გაუძლო და ჩამოიშალა. პასუხისმგებლობის ხაზი გადის კომპანიის დირექტორზე, რადგან სპეციალური უსაფრთხოების სამსახური კომპანიას არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ეს რეალობაა და ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენი მხრიდან აბსოლუტური თანამშრომლობაა გამოძიებასთან და რა თქმა უნდა ზრუნვა გარდაცვლილების ოჯახებზე. მოგეხსენებათ დაკრძალვის ხარჯებს კომპანია თავის თავზე აიღებს. დანარჩენი უკვე თანდათან გამოიკვეთება, რა საჭიროება იქნება, ისე ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ კიდევაც რომ გამოიკვეთოს დაუდევრობა კომპანიის მხრიდან, რადგან აქ ამ დანაშაულზე განზრახვა არ არსებობს, პატიმრობის ზოგადად გამოყენება და მკაცრი სასჯელი არც პრევენციულია და არც არანაირ გამაჯანსაღებელ და პრევენციულ ხასიათს ვერ ითამაშებს, რადგან ეს ადამიანები თუ დააკავეს, დაზარალებულ ოჯახებს ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს. თუმცა, თუ ეს პასუხისმგებლობა დადგება, ჩვენ მოვითხოვთ არასაპატიმრო ღონისძიებას“, – ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.