კომეტა ნეოვაიზი და საერთაშორისო კოსმოსური სადგური ერთ კადრში, ირაკლი გედენიძის ობიექტივში
შთამბეჭდავი კომეტა, რომელიც ბევრმა თქვენგანმა ალბათ უკვე შენიშნა შეუიარაღებელი თვალით, 2020 წლის 27 მარტს ნასას კოსმოსურმა ტელესკოპმა WISE-მა მისია NEOWISE-ის ფარგლებში აღმოაჩინა. კომეტას C/2020 F3 (NEOWISE) ან უბრალოდ NEOWISE უწოდეს.
კომეტა NEOWISE-ი ივლისის დასაწყისში მზეს მიუახლოვდა. მის სიკაშკაშეს განაპირობებს მზის სინათლის გამო მისი ბირთვიდან ამოსული მტვრისა და გაზის ნაწილაკები. ამჟამად კომეტა აგრძელებს თავის ნელ და გრძელ გზას მზის სისტემის გარე რეგიონებისაკენ.
საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ NEOWISE-ი კადრში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან ერთად გადაიღო, რომელმაც ცის ამ მონაკვეთში სწორედ ფოტოგადაღების დროს გაიარა. კოსმოსური სადგური დედამიწის გარშემო ზედაპირიდან დაახლოებით 402 კმ სიმაღლეზე მოძრაობს და პლანეტას გარს უვლის ყოველ 90 წუთში ერთხელ.
აგვისტოდან, კომეტა NEOWISE-ისა და დედამიწის გზები კვლავ გაიყოფა, რადგან ეს ყინულოვანი მოგზაური მზის გარშემო თავის გზას აგრძელებს.
შემდეგში ეს კომეტა დედამიწიდან წარმოუდგენლად შორეულ მომავალში, 6800 წლის შემდეგ გამოჩნდება.