დღეიდან, შეუიარაღებელი თვალით შეგიძლიათ დაინახოთ კომეტა, რომელიც შემდეგში 6800 წლის შემდეგ გამოჩნდება — #1TVმეცნიერება
დღეიდან, შეუიარაღებელი თვალით შეგიძლიათ დაინახოთ კომეტა, რომელიც შემდეგში 6800 წლის შემდეგ გამოჩნდება — #1TVმეცნიერება

ადამიანებს კომეტები უხსოვარი დროიდან აჯადოებდა. შორს მოგზაური ეს ობიექტები ღამის ბნელ ცაზე მხოლოდ რამდენიმე კვირით ან თვით ჩნდებიან, შემდეგ კი ჩვენი თვალთახედვიდან ქრებიან, რადგან აგრძელებენ მოძრაობას მზის გარშემო.

2020 წლის 27 მარტს, ნასას დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა ინფრაწითელმა მკვლევარმა ტელესკოპმა (NEOWISE) ერთი ასეთი ვიზიტორი აღმოაჩინა.

კომეტა C/2020 F3 (NEOWISE), მეტსახელად უბრალოდ NEOWISE-ი მართლაც შთამბეჭდავია.

ივნისის დასაწყისიდან, NEOWISE-ი ცის დამკვირვებლებს გრძელი კუდითა და ძლიერ კონდენსირებული ბირთვით აჯადოებს.

„მისი ინფრაწითელი მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიგრძეში ის დაახლოებით 5 კილომეტრია; ინფრაწითელი და ხილული სინათლის მონაცემების კომბინირების შედეგად კი ცხადი ხდება, რომ კომეტის ბირთვი დაფარულია მუქი შავი ნაწილაკებით, რაც მისი დაბადების ნარჩენებია; ის თითქმის მზის სისტემასთან ერთად დაიბადა, 4,6 მილიარდი წლის წინ“, — ამბობს ნასას ასტრონომი ჯოზეფ მასეირო.

კომეტა NEOWISE-ი ამჟამად ჩვენგან საკმაოდ შორსაა, მზესთან ახლოს, 100 მილიონი კილომეტრის მანძილზე, მის სიკაშკაშეს კი განაპირობებს მზის სინათლის გამო მისი ბირთვიდან ამოსული მტვრისა და გაზის ნაწილაკები.

3 ივლისს მან პერიფელიონს, ანუ ორბიტაზე მოძრაობისას მზესთან უახლოეს წერტილს მიაღწია და ამჟამად აგრძელებს თავის ნელ და გრძელ გზას მზის სისტემის გარე რეგიონებისაკენ.

თუმცა, კომეტის დანახვა თქვენ ახლაც მშვენივრად შეგიძლიათ. მართალია, ის მზეს თანდათან შორედება, მაგრამ ამჟამად დედამიწისკენ მოემართება და ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლო მანძილზე 22 ივლისს იქნება. 13-19 ივლისს, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან, კომეტას შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავთ, მაგრამ გაცილებით უკეთესად გამოჩნდება ბინოკლითა და პატარა ტელესკოპებით.

დღეიდან (13 ივლისი) 19 ივლისამდე, კომეტას თბილისის დროით 22:58 საათიდან დაინახავთ ფოცხვერის თანავარსკვლავედის მიმართულებით, დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან ცოტა დაბლა და მარჯვნივ.

აგვისტოდან, კომეტა NEOWISE-ისა და დედამიწის გზები კვლავ გაიყოფა, რადგან ეს ყინულოვანი მოგზაური მზის გარშემო გზას აგრძელებს.

აქვე გეტყვით, რომ შემდეგში ეს კომეტა დედამიწიდან წარმოუდგენლად შორეულ მომავალში, 6800 წლის შემდეგ გამოჩნდება. ასე რომ, არ გაუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შესაძლებლობა; დრო 19 ივლისამდე გაქვთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი